თავში

რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოწეროს ბანკმა სესხები

რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოწეროს ბანკმა სესხები
რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოწეროს ბანკმა სესხები

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია უმოქმედო სესხების დიდი ნაწილი ჩამოიწეროს. მისი თქმით, ბანკებს ამ შმთხვევაში გარკვეული პროცედურის გავლა მოუწევთ, რაც კანონმდებლობით აქვთ განსაზღვრული. კერძოდ, პროფესორის განმარტებით, 180 დღეზე მეტხანს ვადაგადაცილებული სესხი უნდა ჩამოიწეროს და ბანკმა ბალანსგარეთა ანგარიშზე უნდა გაიტანოს.

,,პროცესი გაწერილია კონკრეტულ ვადაზე. სესხების ჩამოწერას აქვს თავისი პროცედურა. როცა ბანკს ვადაგადაცილებული სესხი  ბალანსგარეთა ანგარიშზე გააქვს, ამ შემთხვევაში სესხს ჩაანაცვლებს უზრუნველყოფა, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა სახის უძრავი და მოძრავი ქონება. შესაბამისი პროცედურა განსაზღვრულია კანონით, რის მიხედვითაც კომერციული ბანკები მოქმედებენ. ამას შემდეგში ზედამხედველი ორგანო - ეროვნული ბანკი აკონტროლებს - ბანკმა ჩამოწერა სესხი თუ არა, რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი და რაიმე დარღვევას ხომ არ აქვს ადგილი. ძირითად ნაწილში, ბანკებს ამ მხრივ დარღვევები არ აქვთ, თუმცა უაღრესად ნეგატიური ტენდენციაა, რომ უმოქმედო სესხების მოცულობა იზრდება. შესაბამისად, ბანკებს ზარალი წარმოეშვებათ. მართალია, ბანკებმა გარკვეული მოგება მიიღეს, მაგრამ, სესხები თუ ჩამოწერილი არ აქვთ, შეიძლება არც ჰქონდეთ ის მოგება, რაც ფიქსირდება", - აცხადებს report.ge-თან თუთბერიძე და დასძენს, რომ სესხების ჩამოწერა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომ საბანკო სტაბილურობას ძირს უთხრის. 

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ვადაგადაცილებული სესხები შეიძლება ბანკებისთვის დიდ პრობლემად იქცეს და შექმნილ სიტუაციაში მთავრობის დახმარება დასჭირდეთ. როგორც ექსპერტი ლია ელიავა აღნიშნავს, ქვეყანაში სერიოზული ფინანსური კრიზისია, რაც სესხების მომსახურებაში პრობლემას ქმნის. 

,,ბევრი ინდივიდუალური შემთხვევა არსებობს, როცა ადამიანებს სესხის მომსახურება უჭირთ. ადრეც ვსაუბრობდი, რომ სესხების ჩამოწერის ტენდენცია გარდაუვალია და ახლა უფრო მეტად იკვეთება ეს საფრთხე. თუკი დახმარებაზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, რადგან კრიზისული ვითარებაა და როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობ საჭიროებს დახმარებას. ბანკმა რაც შეძლო, 3-თვიანი საშეღავათო პირობები შესთავაზა მომხმარებელს, მაგრამ ვერ იქნებოდა უსაზღვროდ, ამას ყველანი ვხვდებოდით. ბოლოს და ბოლოს, საბანკო სფეროს შესაძლებლობები არც ისე დიდია, როგორც წარმოგვიდგენია. სამწუხაროდ, მოუწევთ სესხების ჩამოწერა და ეს მათ სტაბილურობას საგრძნობლად შეარყევს", - აცხადებს გელიავა.

შეგახსენებთ, რომ საბანკო სისტემის სესხების 8.4% უმოქმედოს სტატუსს ატარებს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის ანგარიშში. რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საბანკო სისტემაში არსებული საკრედიტო რისკებიცაა მიმოხილული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს უმოქმედო სესხების მაჩვენებელი 10%-საც მიაღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system