თავში

რა შემთხვევაშია ნებადართული სამსახურში აუდიო-ვიდეოთვალთვალი

რა შემთხვევაშია ნებადართული სამსახურში აუდიო-ვიდეოთვალთვალი
რა შემთხვევაშია ნებადართული სამსახურში აუდიო-ვიდეოთვალთვალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიში პარლამენტს განსახილველად წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როგორც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, შეისწავლა სახელმწიფო სტრუქტურებში, უნივერსიტეტებში, სავაჭრო ობიექტებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ შენობებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 48 შემთხვევა: ცხრა – საჯარო სექტორში (აქედან ოთხი სამართალდამცავ ორგანოებში), ხოლო 39 – კერძო სექტორში. 

უწყების ინფორმაციით, შესწავლის შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი გამოვლინდა, სადაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 12 შემთხვევაში კერძო ორგანიზაციას დაეკისრა, ხოლო ხუთ შემთხვევაში – საჯარო დაწესებულებას. 

უწყება განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, დასაქმების ადგილზე ნებისმიერი სახის მონიტორინგი მკაცრად შეზღუდულია და ვიდეოთვალთვალის კანონით მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების მიუხედავად, კერძო ორგანიზაციებში კვლავ გამოწვევად რჩება სამუშაო ადგილებზე აუდიო-ვიდეოთვალთვალი.

კერძო კომპანიების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათ მიერ სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება არ ისახავდა კანონით დადგენილ მიზნებს: პირის უსაფრთხოება და საკუთრების დაცვა, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, გამოცდის/ტესტირების ჩატარება.

შემოწმებების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები: ერთ-ერთი კომპანია დასაქმებული პირების აუდიო-ვიდეოთვალთვალს სამუშაო ადგილზე ახორციელებდა მათი ქცევისა და კლიენტებთან მომსახურების ხარისხის გასაკონტროლებლად;

ერთ-ერთი კომპანია ახორციელებდა როგორც სამუშაო, ასევე საერთო სივრცეების (მათ შორის სამზარეულოს და სხვა საერთო სარგებლობის ოთახების) აუდიო-ვიდეოთვალთვალს. კომპანიამ ვერ დაასაბუთა მომხმარებელთა აუდიო-ვიდეოთვალთვალის საჭიროება მომსახურების, შეხვედრების, ტრენინგებისა თუ ადმინისტრაციის ოთახებსა და სამზარეულოში;

„საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის მიერ გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერები იწერდნენ გამვლელ პირთა საუბარსაც." - აღნიშნულია დომკუმენტში.

კერძო კომპანიებმა სახელმწიფო ინსპექტორებს განუმარტეს, რომ თანამშრომელთა აუდიო-ვიდეოთვალთვალის მიზანია მონიტორინგი მომსახურების ხარისხზე და შესაბამისად, კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით. კომპანიების ეს არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სამუშაო სივრცის აუდიო-ვიდეომონიტორინგი ავტომატურად ნიშნავს ნებისმიერი მოქმედების, ასევე, სამსახურებრივი თუ არასამსახურებრივი (მაგ.: თანამშრომლებს შორის) საუბრების პირდაპირ კონტროლს ამ სივრცეში. 

უწყება განმარტავს, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება კომპანიებს შეუძლიათ უფრო ნაკლები მოცულობის ინფორმაციის დამუშავებითაც (მაგ. უშუალოდ მომხმარებელთან სატელეფონო საუბრების აუდიოჩაწერა, ე.წ. „მისტიკური მომხმარებლის“ გამოყენება და სხვა). 

უწყება განმარტავს, რომ ამ კუთხით, ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა ყოველთვის არ მოითხოვს 24-საათიან რეჟიმში სამუშაო სივრცის აუდიო-ვიდეომონიტორინგს. შესაბამისად, ამ გზით კომპანიების მხრიდან საჭიროზე მეტი მოცულობის მონაცემთა დამუშავება არღვევს დასაქმებულთა პირად ცხოვრებას და არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.

"ვინაიდან კომპანიებმა ვერ შეძლეს აუდიო-ვიდეოთვალთვალის საჭიროების დასაბუთება, მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალათ აუდიო-ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა.საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა დამსაქმებლები დასაქმებულებს წერილობითი ფორმით აწვდიდნენ ინფორმაციას სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის შესახებ, თუმცა მათ არ აცნობდნენ კანონით გათვალისწინებულ უფლებებს (მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, განადგურება)“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system