თავში

რა შემთხვევაშია შიდა ვალის ზრდა საგანგაშო

რა შემთხვევაშია შიდა ვალის ზრდა საგანგაშო
რა შემთხვევაშია შიდა ვალის ზრდა საგანგაშო

სპეციალისტები შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, თუმცა იმ პირობით, რითაც საქართველოს შიდა ვალის აღება უწევს, პროფესორ მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასებით, ნამდვილად საყურადღებოა. თოქმაზიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მთავრობა არებუილი სესხის უკუგებას ვერ ახერხებს, რაც საბოლოოდ ეკონომიკისთვის ზიანის მომტანია, რადგან ეს რესურსი ქვეყნის კეთილდღეობას ვერ ხმარდება.

,,არ ვიტყოდი, რომ 6 მილიარდს მიახლოებული შიდა ვალი საგანგაშოა. არიან ქვეყნები, რომლებსაც ბევრად დიდი ვალი აქვთ, მაგრამ თავს კარგად გრძნობენ. საქმე ის არის, რაში ვიყენებთ ფულს და რა სარგებელი მოაქვს ეკონომიკისთვის. იმის გამო, რომ ეს არის არამწარმოებლური ვალი, გარკვეულ რისკს უკავშირდება. შესაბამისად, არ არის მაინც და მაინც ისეთი სიდიდის, რომ განგაში ავტეხოთ. რეალურად ზღვარი ბევრადაა დამოკიდებული, რა სიდიდისაა ეკონომიკა. მაგალითისთვის, იაპონიას მშპ-თან მიმართებაში 2-ჯერ დიდი ვალი აქვს, მაგრამ მთლიანად ტექნოლოგიებსა და ეკონომიკურ დარგებში ხარჯავს, შესაბამისად, ამ ვალს ახასიათებს უკუგება, საქართველოსგან განსხვავებით. ჩვენ ვერ ვიღებთ სარგებელს და მცირე ზრდაც კი შეიძლება საგანგაშოდ მივიჩნიოთ, რის საფუძველიც ჯერჯერობით არ გვაქვს", - ამბობს report.ge-თან მიხეილ თოქმაზიშვილი.

შიდა ვალის მიზნობრიობაზე აკეთებს აქცენტს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომელიც ამბობს, რომ მომხრეა, შიდა ვალი აიღოს ქვეყანამ, თუკი ამის აუცილებლობაა.

,,ვალის აღება არასოდეს არ არის სასურველი პროცესი მთავრობრის მხრიდან, მაგრამ ამის აუცილებლობაა. არ არსებობს ქვეყანა ვალის გარეშე და ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი.  მით უმეტეს ახლა, ეპიდემიის გამო ფორსმაჟორული სიტუაციაა და მაქსიმალურად უნდა ვცადოთ თანხის მოზიდვა, რის საშუალებაც გამოჩნდება. მესმის, რომ ნებისმიერი ვალის ზრდა ნეგატიურია, მაგრამ ქვეყანა დამატებით სახსრებს საჭიროებს, რაც საგარეოსთან ერთად, შიდა ვალის მოზიდვის აუცილებლობას განაპირობებს", - აცხადებს სილაგაძე.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს 31 მარტის მდგომარეობით, მთავრობის საშინაო ვალი 5.9 მლრდ ლარს უტოლდება. საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი 27. 3 მლნ. ლარია. სახაზინო ფასიანი ქაღალდებით აღებული ვალი კი 5.5 მლრდ ლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system