თავში

რა შეცდომას უშვებენ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდით

რა შეცდომას უშვებენ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდით

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მთავრობას ურჩევს, ინფრასტრუქტურული პროექტების ნაცვლად, ფული რეალური სექტორის განვითარებაში დახარჯოს. მისი თქმით, ხელისუფლება ფსევდო-ეკონომიკის აქტივობის ჩვენებას ემსახურება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ პრობლემას შექმნის და ვერც დასაქმების ზრდას უზრუნველყოფს.

,,რა ფულსაც მთავრობა ხარჯავს, ეს არის იგივე კრედიტები, რასაც ვერ აითვისებენ, რადგან ეკონომიკის მოდერნიზაციის გეგმა არ გააჩნიათ. სხვა გამოსავალი არ ჩანს და ისევ ინფრასტრუქტურაში იდება ფული, ეს ყველაფერი ფსევდო-ეკონომიკის აქტივობის ჩვენებას ემსახურება. ეკონომიკურ აქტივობაში დატრიალება და  ხელის მოთბობა ყველაზე მარტივია. შედეგი სახეზე გვაქვს, ჩვენ გვაქვს პროცესების მეთოდური დეგრადაცია. ძალიან მოკრძალებული პარამეტრებიც კი, რასაც ხელისუფლება გვპირდება ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, უასაფუძვლოა. მიმაჩნია, რომ ასეთ პირობებში 4,3%-იანი ზრდაც არარეალურია, არანაირი რეკონსტრუქცია ეკონომიკაში არ იგეგმება. ისევ ტურიზმს ვებღაუჭებით, რომელიც ვერ იმუშავებს, ასეთი მოცემულობაა მთელ მსოფლიოში. ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება ეროვნული ვალუტის ასეთი მასშტაბური გაუფასურების ფონზე რეალურად შეუძლებელია. ინფრასტრუქტურული პროექტები ეკონომიკური აქტივობის იმიტაციისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისი შეფასებით, საქართველოს სჭირდება კაპიტალის ჩადება რეალური სექტორის განვითარებისთვის, ისეთი მიმართულებით ინვესტირება, სადაც ფული იწყებს ბრუნვას და მუშაობას. 

,,ისეთი რესურსი გვჭირდება, რომელიც წარმოებას ქმნის, გრძელვადიანი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს ეკონომიკას, ეს არ ან ვერ ხერხდება. ქარხნების მშენებლობისთვის უნდა იხარჯებოდეს კაპიტალი, რომ პერსპექტივა გაჩნდეს, არასწორი გზით მივდივართ და ამით ეკონომიკას ვერაფრით უშველიან, რა რესურსიც არ უნდა დაიხარჯოს", - დასძენს ანალიტიკოსი report.ge-თან.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და 551,3 მილიონი ლარით (30%-ით)გადააჭარბებს 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.

უწყების ინფორმაციით 2,371,630,000 ლარიდან ყველაზე დიდი ნაწილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. 

რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების ნაწილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 1 820.3 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system