თავში

რა შეცდომას უშვებს მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისას

რა შეცდომას უშვებს მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისას
რა შეცდომას უშვებს მთავრობა ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნისას

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის ერთბაშად გახსნის წინააღმდეგია. მისი თქმით, ეტაპობრივი გახსნა აუცილებელია, მაგრამ ტურიზმსა და მომიჯნავე დარგებზე აქცენტის გაკეთება არასწორია.

,,ძნელია, რა მექანიზმით უნდა მოხდეს ეკონომიკის გახსნა, რაზეც ასე აქტიურად მიდის მსჯელობა. არ ვარ ამ პროცესის შუაგულში და ვერ ვიქნები კატეგორიული. თუმცა, ეკონომიკის ერთბაშად გახსნის მომხრე ვეღარ ვიქნები, ასეთი მიდგომა არ მიმაჩნია სწორად. რეალურად ადამიანები კვდებიან, ეს არის რეალობა, სიკვდილის შიშისგან არ განვთავისუფლებულვართ და პრობლემა რეალურად არსებობს. შესაბამისად, შეზღუდვები აუცილებელია. რა შეიძლება მოიხსნას და რა - ვეღარ, სჭირდება ყოველდღიური მონიტორინგი, მსოფლიოში ამ მხრივ დიდი გამოცდილებაა და უნდა გავითვალისწინოთ. სხვა საკითხია, რომ ეკონომიკაში არსებული პრობლემების შეფასება ხშირად გადაჭარბებულია. უნდა გვესმოდეს, რომ ისედაც არ გვქონდა ეკონომიკა, როცა გახსნაზე ვსაუბრობთ, რესტორნებსა და სასტუმროებს ვერ გავსცდით. დიდი ბოდიში, მაგრამ როცა ეკონომიკა ძირითადად სარესტორნო ბიზნესია, ამით ყველაფერი ნათქვამია. არც ეპიდემიამდე გუგუნებდა ეკონომიკა, ასე არ არის. აბსურდია, რომ ტურიზმზე ამხელა აქცენტი კეთდება. დარგი კომაშია და დღეს ამაზე არც უნდა ვსაუბრობდეთ", - აცხადებს ანალიტიკოსი.

ხუხაშვილის თქმით, შეუძლებელია, რომ 2021 წელს ტურიზმი აღდგეს, ამისთვის სულ მცირე, 2 წელია საჭირო, თუმცა მთლიანი აღდგენა ვერც ამ პერიოდში მოხერხდება.

,,არ ველოდები, რომ წელს ტურიზმი გააქტიურდება. პანდემიის დამარცხება რომც მოხდეს, ადამიანები არიან სტრესის ქვეშ და ნაკლებად სავარაუდოა,  ტურიზმი სრულფასოვნად ამუშავდეს. მინიმუმ, 2 წელი დაგვჭირდება, რომ  პოზიციები დარგმა მცირედით მაინც აღიდგინოს. სხვა შემთხვევაში ფული შეიჭმევა და ჩაირეცხება. პრობლემა გვაქვს გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენი სახელმწიფოსაგარეო ვალის სიდიდით  სტანდარტს გასცდა, რაც დიდი პრობლემაა. მით უმეტეს, გადახდისუნარიანობა არ გვაქვს და როგორ უნდა მოემსახუროს ქვეყანა ამხელა კრედიტებს, ესეც საკითხავია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიზნესს ბოლომდე არც აქვს პასუხისმგებლობა გააზრებული, ეკონომიკა შეკუმშულია მთელ მსოფლიოში, რაც ჩვენს სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს. მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკა და ვერც ინვესტიციები შემოვა, ამისთვის არავის ეცლება, ყველას თავისი პრობლემა აქვს", - აცხადებს report.ge-თან გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეპიდემიოლოგებმა, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდი და ბიზნესმა რეგულაციების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შესაძლებლობა განიხილეს. შეხვედრაზე ბიზნესს ის ლოგიკა აუხსნეს, რომლითაც საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system