თავში

რა სიახლეებია მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში

რა სიახლეებია მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში
რა სიახლეებია მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის დეტალები განმარტა.

ვიცე-პრემიერის თქმით, დასრულდა კანონპროექტზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესი და ახალი კანონით ჩანაცვლდება 1994 წელს მიღებული, მეწარმეთა შესახებ კანონი, რომელიც, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, წულუკიანის თქმით, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნესწრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობისა და განჭვრეტადობის ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.

„ამ პროექტზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავეთ თავად ბიზნესასოციაციებთან, საჯარო რეესტრსა და მის რეგისტრატორებთან და დაინტერესებულ უწყებებთან იმისთვის, რომ შეგვეთავაზებინა ევროპული სტანდარტის კანონის პროექტი ჩვენი საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ ხელმძღვანელობას გაუწევს როგორც მეწარმეებს, ასევე, მოსამართლეებს - დავის შემთხვევაში. რა საკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. თითოეული თავი ეთმობა, სათანადოდ, სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე, შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულებით. ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ - ჩვენი ბიზნესმენებიც, მრავალი წელია, ელოდნენ და 2013 წელს, მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა. ამ კანონის პროექტში ევროკავშირის დირექტივებიცაა გადმოტანილი, ანუ, ტრანსპოზიცია სახეზეა, ამ კანონპროექტს გავლილი აქვს რეგულირების შეფასების ანალიზი და ის, ორი კვირით, გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე," - განმარტა მინიტრმა წულუკიანმა და დასძინა, რომ პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

ახალი კანონმდებლობის ძირითადი მოტივები დღეს პრემიერმა გახარიამაც განმარტა. მისი თქმით, ახალი კანონმდებლობა სრულად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს და მისი ამოქმედებით ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება გაძლიერდება, გაუმჯობესდება ბიზნესკლიმატისა და საინვესტიციო გარემო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system