თავში

რა თანხას ხარჯავენ უცხოელები საქართველოში

რა თანხას ხარჯავენ უცხოელები საქართველოში
რა თანხას ხარჯავენ უცხოელები საქართველოში

2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები წლიურად 91%-ით შემცირდა. 2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას ნიშნავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2019 წელს კი ქვეყანას  9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა და ტურიზმმა ქართულ ეკონომიკას $3.2 მილიარდიანი შემოსავალი მოუტანა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში დათვლილია, რა თანხას ხარჯავენ საშუალოდ უცხოელი ვიზიტორები ერთი ვიზიტის დროს საქართველოში. გამოკითხული უცხოელებიდან საქართველოში ყველაზე მეტი ამერიკელ ვიზიტორებს აქვთ დახარჯული. ერთ ვიზიტზე მათი ხარჯი საშუალოდ 3,813 ლარია, როცა რუსი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი სამჯერ მცირეა და 1,282 ლარს უტოლდება, თუმცა ქვეყანაში 2019 წელს ჯამურად ბევრად მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა და ამიტომაც რუსი სტუმრების ჯამური ხარჯი აჭარბებს ამერიკელი სტუმრების ჯამურ დანახარჯს, ანუ საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რუს ვიზიტორებზე უფრო მაღალი იყო და 2.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ამერიკელი ვიზიტორების ხარჯი საქართველოში 10-ჯერ ნაკლებია და 227 მილიონ ლარს შეადგენს. 

ერთი ვიზიტისას გაწეული ხარჯი ქვეყნების მიხედვით 2019 წელს ასე გამოიყურება:

აშშ - 3 813 ლარი,

საუდის არაბეთი - 3 632 ლარი,

გაერთიანებული საემიროები - 2, 453 ლარი, 

ბრიტანეთი 2 438 ლარი, 

ჩეხეთი 2 142 ლარი,

საფრანგეთი - 2 101 ლარი,

ირანი - 2 092 ლარი,

ისრაელი - 2 035 ლარი,

ჩინეთი 1 908 ლარი,

გერმანია 1 866 ლარი,

ყაზახეთი 1 818 ლარი,

უკრაინა 1 788 ლარი,

პოლონეთი 1 781 ლარი,

იტალია 1 481 ლარი,

ბელარუსი 1 406 ლარი,

რუსეთი 1 282 ლარი,

საბერძნეთი 1 026 ლარი,

თურქეთი 928 ლარი,

სომხეთი 583 ლარი,

აზერბაიჯანი 395 ლარი.

შეგახსენებთ, 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ქვეყანაში ვიზიტორთა ოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა. რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system