თავში

რა თანხის მობილიზება შეძლო ანაკლიის კონსორციუმმა

რა თანხის მობილიზება შეძლო ანაკლიის კონსორციუმმა
რა თანხის მობილიზება შეძლო ანაკლიის კონსორციუმმა

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, Van Oord International-მა 4.16%–იანი წილის შეძენის შედეგად, კონსორციუმში $5 მლნ–ის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

"Van Oord ჩვენი ძალიან დიდი ხნის პარტნიორია. მათთან ურთიერთობა 2016 წელს, ზაფხულში დავიწყეთ, როცა მათ ჩვენთვის ყველა დეტალური გეოლოგიური კვლევა ჩაატარეს. ასევე, შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა, როცა დაღრმავებითი სამუშაოები ჩაატარეს, დაღრმავების მეორე ეტაპსაც ისინი გააკეთებენ და ამ ეტაპზე გადაწყვიტეს, რომ $5 მლნ–ის ინვესტიცია განეხორციელებინათ, რაც კიდევ ეთხელ ხაზს უსვამს, რამდენად მხარს გვიჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათ პატარა, 4%-იანი, წილი შეისყიდეს. ისინი ასევე დამატებით $5 მლნ–ის ინვესტიციას განიხილავენ. ჩვენ ინვესტიციაზე მათთან ხელი უკვე მოწერილი გვაქვს, უბრალოდ ჯერ აქციების გადაცემა ფორმალურად არ მომხდარა, რადგან მთავრობის თანხმობას ველოდებოდით. ახლა თანხმობა მივიღეთ და აქციები One vord-ს ოფიციალურად გადაეცემა", – განაცხადა ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, $120 მლნ–ის საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ამ ეტაპისთვის 120 მლნ მთლიანად მობილიზებულია.


"$75 მლნ უკვე ინვესტირებულია კომპანიაში. ამ $120 მილიონიდან, $20 მილიონზე ვალდებულება SSA Marine-ს აქვს აღებული, რომელსაც აქვს თავისი პირობები, რაც სახელმწიფოსთან არის შესათანხმებელი, თუმცა ესეც მობილიზებულია და დანარჩენ თანხაზე არის კონკრეტული ინვესტორები, რომლებსაც ველაპარაკებით და ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ინვესტიცია განახორციელონ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ $120 მლნ მთლიანად მობილიზებულია, კონკრეტული საკითხებია გადასაჭრელი, რასთან დაკავშირებითაც საუბარი მთავრობასთან მიმდინარეობს", – განმარტა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:

- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;

- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;

- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system