თავში

რა უჯდება მევენახეს პროდუქტის სერტიფიცირება

რა უჯდება მევენახეს პროდუქტის სერტიფიცირება
რა უჯდება მევენახეს პროდუქტის სერტიფიცირება

ბიო-ყურძნის მწარმოებელი თამაზ ომანაძე ბიო-სერტიფიკატს 2013 წლიდან ფლობს. მისი თქმით, სტატუსის შესანარჩუნებლად ყოველწლიურად 1200 დოლარის ხარჯი აქვს, რაც დამწყები მეწარმეებისთვის გაცილებით მეტია და 1500 დოლარს აღწევს. ომანაძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა მთავრობა ბიო-ყურძნის წარმოების ხელშეწყობაზე საუბრობს, მევენახეების ნაწილი იძულებულია მაღალი ხარჯის გამო სტატუსის მიღებაზე თუნდაც დროებით, უარი განაცხადონ.

სერტიფიცირების მაღალ ხარჯს ომანაძე ბიოწარმოების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს და ამბობს, რომ სანამ მთავრობა სერტიფიცირების ალტერნატიულ ორგანოს არ შექმნის ან თანადაფინანსების კომპონენტში არ მიიღებს მონაწილეობას, სერტიფიცირების პროცესი მნიშვნელოვნად გაჭიანურდება.

,,ყურძნის სერტიფიცირებას ხელს უშლის მაღალი ხარჯი, ქვეყანაში სამიოდე ორგანიზაციაა, რომელსაც ინსპექტირება ევალება, ხოლო გადასახადი იმდენად მაღალია, რომ მევენახეები ამ ვალდებულებას ვერ უმკლავდებიან. შეიძლება, ბიოყურძენს აწარმოებდნენ, მაგრამ სტატუსი არ ჰქონდეთ. 2013 წლიდან მაქვს სერტიფიკატი, ინსპექტირება სისტემატურად ხდება, ყოველწლიურად 1200 დოლარს ვხარჯავ მხოლოდ იმისთვის, რომ სტატუსი შევინარჩუნო. რამდენიმე მეწარმეა, ვინც 3-წლიანი დაკვირვების ქვეშ იყო, მაგრამ უარი განაცხადა იმის გამო, რომ თანხის გადახდა ვერ შეძლო, საერთოდ გაანებეს თავი. ბიო-ყურძნის წარმოება რომ შეძლონ ფერმერებმა, სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება, ელემენტარულად იმით, რომ სერტიფიცირების ორგანო შექმნან, რომელიც კერძო ბიზნესის ალტერნატივა იქნება, საბოლოოდ არჩევანს მეწარმე გააკეთებს. უკიდურეს სიტუაციაში, მთავრობამ თანადაფინანსება მაინც მოახდინოს. ზეპირი განცხადებებით და დაპირებებით ეს სფერო ვერ განვითარდება. მერვე წელია, ბიოწარმოება დავიწყე, ვუშვებ 5 დასახელების ბიო-ღვინოს და მე მიჭირს ამ ხარჯთან გამკლავება, დამწყები მეწარმეებისთვის ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. დახმარების მაგივრად, ისედაც მცირე სექტორი გაძლებაზეა", - აცხადებს მეწარმე.

თამაზ ომანაძის განცხადებით, გენერულმა ინჟნერიამ გაანადგურა მოსახლეობის იმუნიტეტი და სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა უნდა არსებობდეს, რომ ბიოწარმოების შესაძლებლობა გაიზარდო და გამოწვევას ქვეყანამ ღირსეულად გაართვას თავი.

ცნობისთვის, 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ. წლევანდელი რთველის მიწურულს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ  მომავალი წლიდან ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს.

report.ge-თვის ცნობილია, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის მარკეტინგის პროაქტიული გეგმა შეიმუშავა. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. გაიმართება 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად, მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურ 8 %-იან ზრდას ელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system