თავში

რა უნდა იცოდეთ, თუ "ფინანსური ბიურო" ბანკის ვალის გადახდას გთხოვთ - Exclusive

რა უნდა იცოდეთ, ბანკის ვალის გადახდას გთხოვთ

„გაფრთხილებთ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოთ აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა: 1. მივმართავთ სასამართლო, საარბიტრაჟო ან სააღსრულებო ორგანოებს, რომელთა გადაწყვეტილების საფუძველზე აღმასრულებელი, აუქციონზე რეალიზაციის მიზნით, მოახდენს თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღებას. ამასთან, დაყადაღდება თქვენს სახელზე არსებული ყველა საბანკო ანგარიში. 2. დავალიანების ამოღება მოხდება იძულებითი სააღსრულებო წარმოების წესით (მათ შორის თავდები პირების მიმართ). 3. დამატებით დაგეკისრებათ სასამართლო, საარბიტრაჟო და სააღსრულებო ხარჯების გადახდა. 4. მოვახდენთ თქვენი მონაცემების შეყვანას მოვალეთა რეესტრში, რომლის სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4(1) თავში. 5. გარკვევის მიზნით, ჰქონდა თუ არა ადგილი მსესხებლის მხრიდან, წინასწარი განზრახვით, თაღლითური გზით, ყალბი დოკუმენტების ან ინფორმაციის წარდგენას, არასწორი მონაცემების მიწოდებას და ბანკის ან საკრედიტო ორგანიზაციის თანხის მითვისებას, საქმე გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოებს," - ეს არის შაბლონური ტექსტი, რომელსაც „ფინანსური ბიურო“ და მისი მსგავსი კომპანიები მოსახლეობას უგზავნიან.  ამ მკაცრი იურიდიული ტერმინოლოგიითა და ზოგადი ცნებებით გაჯერებულ წინადადებებს, ადვოკატის, მარიკა არევაძის, თქმით, არავითარი კავშირი არ აქვს ნამდვილ სამართალწარმოებასთან. მისივე განმარტებით, ხანდაზმული ვალის სასამართლო ან საარბიტრაჟო გზით ამოღება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია ვალის ამოღებას კერძო შპს-ს არ გადააბარებდა და იაფად არ გაყიდდა. ადვოკატი გვიხსნის, რომ ეს არის "უიმედო ვალები", რომელზეც ბანკმა ხელი ჩაიქნია. ასეთი უიმედო ვალები კერძო კომპანიამ იმ იმედით იყიდა, რომ მოქალაქეების ნაკლებინფორმირებულობით ან სხვა მიზეზით ისარგებლონ და მოახერხონ მათი გაცოცხლება. ადვოკატი ამტკიცებს, რომ სესხის ამომღები კომპანიები მოსახლეობას პირდაპირ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. მისი სეფასებით, "ეს არის შანტაჟის ენა კანონის ჩარჩოებში."

"საკმარისია, ნებისმიერმა მოქალაქემ თუნდაც ათი წლის ვადაგასულ სესხზე კომპანიას ხელი მოუწეროს აღიარების ფურცელზე, რომ ვალი გაცოცხლებულია და ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დენა ხელახლა დაიწყება. ამის შემდეგ ნამდვილად შეუძლია, მიმართონ საარბიტრაჟო ან სასამართლო ორგანოებს და წერილში ჩამოთვლილი პირველი ოთხი პუნქტი მოქმედებაში ნამდვილად მოიყვანონ. სწორედ ამის გამოა, რომ „ფინანსური ბიურო“ და მისი მსგავსი კომპანიები, რომლებიც ხშირად თავს სახელმწიფო უწყებებადაც კი ასაღებენ, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ დაითანხმონ უიმედო მოვალეები ხელი მოაწერონ აღიარების ფურცელს," - გვიხსნის უფლებადამცველი.

გახსოვდეთ, თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე „ხანდაზმულად“) ითვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system