თავში

ინვესტიციების რისკი და სარგებელი საქართველოსთვის - Exclusive

ინვესტიციების რისკი და სარგებელი საქართველოსთვის - Exclusive
ინვესტიციების რისკი და სარგებელი საქართველოსთვის - Exclusive

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. 2018 წელს, მისი მოცულობა 1.2 მლრდ-ს არ აღემატებოდა მაშინ როცა 2017 წელს ქვეყანაში 1.9 მლრდ FDI-ი განხორციელდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წელია შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

report.ge დაინტერესდა რა ნეგატიური გავლენა აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას ეკონომიკაზე. მაშინ როცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ინვესტიციების კლების მიზეზებს ერთმანეთის ქმედებებში ეძებენ, როგორც ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო სიმონიშვილმა აგვიხსნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ტრაგედია სულაც არ არის. 

კითხვა: ბატონო სოსო, რა ტიპის მესიჯია თქვენთვის, როგორც ეკონომისტისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება?

სოსო სიმონიშვილი: ეს ტრაგედია სულაც არ არის. მცდარია მოსაზრება, თითქოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის ხსნაა და მასზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. უფრო მეტიც, ის ყველაზე ცუდი ინვესტიციაა ინვესტიციებს შორის. უცხო ქვეყნის ინვესტორი როცა საქართველოში ფულს აბანდებს, მისი უპირველესი მიზანია მოგება. ეს ბუნებრივია. მას ეს მოგება გააქვს ქვეყნიდან, რითაც ხეირობს ის და მისი ქვეყანა და არა საქართველო. ნებისმიერი საწარმოს შემოსავალი ნაწილდება ხელფასებზე, კაპიტალურ დანახარჯებზე, სხვადასხვა გადასახადებზე. დარჩენილი ნაწილი არის მოგება. მოგება შედგება დივიდენდისა და მოგების გადასახადისგან. მოგების გადასახადი, რომელიც ინვესტორების მოსაზიდად ქვეყანაში დაბალია და 25-30%-ს არ აღემატება, რჩება ქვეყანაში, ხოლო დივიდენდი, რომელზეც მოგების 60-65% მოდის, ინვესტორს ქვეყნიდან გააქვს. წარმოიდგინეთ, რამხელა სტიმული იქნებოდა ეკონომიკისთვის, რომ ეს თანხა რჩებოდეს ქვეყანაში. ამიტომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს კი არ უნდა ჩამოვეკიდოთ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, რომ ადგილობრივმა ინვესტორმა დააბანდოს ფული სხვადასხვა სფეროში.

კითხვა: ბატონო სოსო, ადგილობრივ ინვესტორებს არ აქვთ ფული, უფრო სწორად, შედარებით მცირე ფულადი რესურსი აქვთ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა?

სოსო სიმონიშვილი: საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ორიეტირებულია წაახალისოს, "სააქციო საზოგადოებების" მომრავლება. ყველა ცდილობს ქვეყანაში გააჩინონ იაფი ფულის რესურსი, ჰქონდეთ მძლავრი კაპიტალის ბაზარი. მაკროეკონომიკის კარგი ცოდნაა საჭირო, რაც, სამწუხაროდ, არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა.

კითხვა: რას გულისხმობთ, სად არის შეცდომები დაშვებული, ან სად არის გამოსავალი?

სოსო სიმონიშვილი: შეცდომები იმდენია, მაგაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, გამოსავალი არის პაკეტურ ინვესტიციებში, რომელზეც არავინ ლაპარაკობს. პაკეტური ინვესტიციები არის ინვესტიცია, როცა წარმოების გასაფართოებლად, ან ტექნიკური გადაიარაღებისთვის, ან ინოვაციების დაგეგმისთვის ცდილობ მოიზიდო ფულადი რესურსი და ამისთვის ინვესტორს სთავაზობ შენი საწარმოს წილს. დააკვირდით, ამ შემთხვევაში საწარმოს მომგებიანობა იზრდება და ქვეყნის ეკონომიკაც სარგებლობს, რადგან ქვეყანაში იქმნება დოვლათი, მთლიანი შიდა პროდუქტი. დროა და უკვე დაგვიანებულიცაა, რომ ქვეყანა ამისთვის მომზადდეს. რამდენი დრო დავკარგეთ იმის მისახვედრად, რაც მთელმა მსოფლიომ იცის. სააქციო საზოგადოებების მომრავლებას უნდა შევუწყოთ ხელი, ისინი ყველაზე კარგად ახერხებენ პაკეტური ინვესტიციების მოზიდვას. შ.პ.ს-ებსაც შეუძლიათ, თუმცა პაკეტური ინვესტიციების მოზიდვა ბევრად მოსახერხებელია სააქციო საზოგადოებისთვის.

კითხვა: ბატონო სოსო, როგორ უნდა მომზადდეს ამისთვის საფუძველი, რა არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს ამისთვის?

სოსო სომინიშვილი: უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც ქვეყნის ფინანსური სფერო იმართება და კონტროლდება, ჩანასახოვან დონეზეა. უპირველესად კანონმდებლობაა დასაწერი და სწორად დასაწერი. სააქციო საზოგადოების მომრავლებას სტიმულს მისცემს კაპიტალის ბაზრის განვითარებაც, რომელიც, ფაქტობრივად არ არსებობს. რეალურად კაპიტალის ბაზარი არის იაფი ფულის საუკეთესო რესურსი ბიზნესისთვის. ჩვენს ქვეყანაში ის არ ვითარდება, რადგან ბანკებს არ აწყობთ. იმის გამო რომ დღეს ფულის შოვნის ერთადერთი წყარო ბიზნესისთვის ბანკებია, კაპიტალის ბაზარს ისინი კონკურენტად აღიქვამენ და ყველაფერს აკეთებენ მისი სტაგნაციისთვის. უფრო მეტს გეტყვით, მთავრობამ არ იცის როგორ განკარგოს საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა. ის რეალურად საუკეთესო შესაძლებლობაა გამოვიყენოთ ადგილობრივი ბიზნესის დასაკრედიტებლად, მაგრამ, ამის ნაცვლად, აქტიურად საუბრობენ მის გატანაზე უცხოურ ბაზარზე. თითქმის ყველა ქვეყანაში საპენსიო ფონდები, სადაზღვეო კომპანიები, როგორც წესი, საინვესტიციო ფონდის ფუნქციასაც ასრულებენ. ჩვენ კი ვფიქრობთ ამ ფულის უცხო ბაზარზე გატანას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system