თავში

რა უშლის ხელს საქართველოს ევროპასთან ვაჭრობაში

რა უშლის ხელს საქართველოს ევროპასთან ვაჭრობაში
რა უშლის ხელს საქართველოს ევროპასთან ვაჭრობაში

სოფლის მეურნეობის ასოცირების პროცესი ევროკავშირთან და ამ მომენტისთვის მიღწეული შედეგი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევა. როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოს საკმაოდ დიდი ჩამორჩენა აქვს იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ანალოგიურ პერიოდში და შემდეგ წლებში გააფორმეს  ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. 

აგროექსპერტ, პროფესორ პაატა აროშიძის შეფასებით, საქართველოს სოფლის მეურნეობა ასოცირების ხელშეკრულების სიკეთით ყველაზე ნაკლებად სარგებლობს, რის ერთ-ერთი მიზეზიც წარმოების სიმცირეა. 

,,საბაჟო შეღავათი ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტით უნდა იქნას გამოხატული. მეღვინეობა ერთადერთია, რომელიც თითქმის მთლიანად ორიენტირებულია ევროპულ ბაზარზე, ასოცირების ხელშეკრულებით ამ დარგმა კარგად ისარგებლა, თუმცა რაოდენობა მაინც არ არის სასურველი. ჯერ ერთი, ღვინის ევროპული ბაზარი მაღალკონკურენტულია და საჭიროა ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლება. მართალია, ლურჯი მოცვიც გადის ევროპულ ბაზარზე, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობითაა, სხვა პროდუქტების შანსი კი ჯერჯერობით მინიმალურია. ჩვენ ორიენტირად გვაქვს ევროპული ბაზარი, მაგრამ სასურველი იქნება ინტეგრაციის მეტი დონე, მეტი ექსპორტი, რომელიც ეკონომიკის ყველა მიმართულების საზრუნავი უნდა იყოს. თხილის, კაკლოვანი კულტურების ექსპორტში ხუთეულში ვართ, მაგრამ მეოთხე ადგილზე მყოფს 10-ჯერ ჩამოვრჩებით. საქართველომ და მოლდოვამ ერდროულად გააფორმეს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, მაგრამ მოლდოვამ უკეთესი შედეგი მიიღო, თუნდაც ღვინის ექსპორტი, 10-ჯერ მეტი განახორციელა ევროპაში, ვიდრე ჩვენ. მართალია, უკრაინა დიდი სახელმწიფოა და ვერ შევედრებით, თუმცა მან ჩვენზე გვიან  გააფორმა ასეთი  ხელშეკრულება ევროკავშირთან და ბევრად უკეთ სარგებლობს, გეგმის მიხედვით მიდის, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით პრობლემაა" - აცხადებს report.ge-თან პაატა აროშიძე.

ერთ-ერთი მიზეზი, რაც ასევე ხელს უშლის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას, ექსპერტი ბადრი რამიშვილის შეფასებით, დიდი ხარჯი და მზა პროდუქტის დეფიციტია .

,,ევროკავშირის ბაზარზე ჯერჯერობით გაგვაქვს მხოლოდ ნედლეული, რაც დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.  მზა პროდუქციის ექსპორტზეც უნდა ვიფიქროთ, ამისთვის წარმოება უნდა განვითარდეს ქვეყანაში. მართალია, უბაჟოდ გვაძლევს ევროკავშირი პროდუქტის გატანის საშუალებას, მაგრამ ეს პროცესი მაინც დიდ ხარჯს უკავშირდება, რასაც ფერმერების დიდი ნაწილი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება. ამიტომაც არის, რომ მაღალ ინტერესს არ იჩენენ. პანდემიამ გამოიწვია ის, რომ უამრავ ქვეყანას უკვე არ სურს აგრარული პროდუქციის დიდი რაოდენობით გაყიდვა და ამან რიგ ბაზრებზე პრობლემა შექმნა. ამ დროს ჩნდება შანსი, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ ევროპულ ბაზრებს, მაგრამ მთავარი, მიწოდებაში წყვეტა არ გქონდეს. ჩვენთვის ეს ჯერჯერობით რთულია, რადგან წარმოება მცირეა და მოთხოვნას ვერ უზრუნველვყოფთ. ამდენად, რამდენიმე მიზეზია, რის გამოც სოფლის მეურნეობაში ავროკავშირთან ასოცირება პროცესი გეგმის მიხედვითმიდის მიდის", - ამბობს რამიშვილი report.ge-თან.

სპეციალისტების სკეპტიკური შეფასების მიუხედავად, მთავრობის წარმომადგენლები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგით კმაყოფილი არიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილ დაესწრო. აღინიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, რაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system