თავში

რა უშლის ხელს საქართველოში ზეთის წარმოებას

რა უშლის ხელს საქართველოში ზეთის წარმოებას
რა უშლის ხელს საქართველოში ზეთის წარმოებას

ცოდნის არქონა, ნედლეულის დეფიციტი და ტექნიკის გაუმართაობა - სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც საქართველოში ზეთის წარმოება ვერ ვითარდება. დარგი ფაქტობრივად იმპორტის იმედადაა, საოჯახო ტექნოლოგიებით დამზადებულიმ პროდუქტი კი უმეტეს შემთხვევაში არც ხარისხობრივ სტანდარტს აკმაყოფილებს და რაოდენობრივადაც მწირია. მართალია, ერთი შეხედვით, ქართული ბრენდის ქვეშ რამდენიმე დასახელების ზეთია, მაგრამ როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თიტქმის ყველა მათგანი უცხოური ნედლეულით მზადდება და წმინდა ქართული ზეთი ბაზარზე აღარც იშოვება.  

ნატურალური კახური ზეთი სახელწოდებით - „თი ემ თი“  წინა წლებში ექსპორტისთვის იწარმოებოდა, მაგრამ მისი წარმოებაც შეჩერდა. მიზეზად ზეთის საწარმოს ყოფილი მფლობელი, ბიზნესმენი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ნედლეულის დეფიციტს მიიჩნევს.

,,2020 წელს დაახლოებით 7-8 ტონა ზეთი ბრენდით ,,მიხო პაპა" აშშ-ში გავაგზავნეთ, ხოლო ,,კახური ზეთი" ავსტრიაში დავაექსპორტირეთ. სამწუხაროდ, საწარმოო ციკლი ვერ განვაახლეთ, რადგან ჩვენი პროდუქტი წმინდა ქართული იყო, ხოლო ნდელეულის დეფიციტმა წარმოების შესაძლებლობა ვერ მოგვცა, ამიტომ გავჩერდით. ახლა ფასი მაღალია, მოთხოვნა კი შემცირდა როგორც გლობალურ ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. რაც შეეხება ნედლეულს, წლების წინ 1 კგ. მზესუმზირის ყიდვა 70-80 თეთრად შეგვეძლო, ახლა 3 ლარამდეა გაძვირებული და ისიც აღარ არის. ისეთი სიტუაციაა, როცა ყველამ რაღაცნაირად თავის გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა, წარმოების დიდი პოტენციალია, როგორც ხორბლის შემთხვევაშია და უნდა ავითვისოთ. არ მგონია, რამეს გაუჭირდეს საქართველოში, ისეთი ჰავა და კლიმატია, თუმცა განვითარების დონით ჩამორჩნენ ფერმერებიც, ტექნიკის სიმცირესაც განიცდიან. ეს პრობლემა თუ მოგვარდება, წარმოებას განვავითარებთ ისე, რომ იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული", - აცხადებს უჩუმბეგაშვილი report.ge-თან.

ზეთის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ აგროექსპერტებიც. როგორც პროფესორი პაატა აროშიძე აღნიშნავს, სუფთა ქართული პროდუქცია ბაზარზე თითქმის აღარ არის, წარმოება მთლიანად  რამდენიმე ჩამომსხმელი ქარხანასა და კუსტარულ საწარმოს ითვლის.

,,აჭარის რეგიონში, ბათუმში, არსებობდა ზეთსახდელი ქარხანა და ზეთი იწარმოებოდა. მეტი შესაძლებლობაა ამ მხრივ კახეთის რეგიონში, მაგრამ საქართველოში ზეთის წარმოება მაინც დაბალ დონეზეა. უმეტესად ნედლეული შემოაქვთ და აფასოებენ ადგილზე, ტექნოლოგიური, საწარმოო პროცესი არ არის სრულად გახსნილი, მხოლოდ დაფასოება ხდება. ამიტომ ხშირადაა, როცა ჰგონიათ, რომ ქართული პროდუქციაა და წარწერის გარდა, არაფერია ქართული. თუმცა პროდუქტს აწერია, რომ დაფასოებულია საქართველოში. ძირითადად უკრაინიდან შემოდის ნედლეული, საწარმოო პროცესის სრული ციკლი - ნედლეულის შესყიდვიდან დაფასოებამდე იშვიათადაა. რამდენიმე კუსტარული საწარმოა, რომელიც ზეთს ძირითადად ადგილობრივი ბაზრისთვის აწარმოებს, მაგრამ მიზერული რაოდენობით. მართალია,  სიმინდის ზეთი შეგვიძლია ვაწარმოოთ, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა", - ამბობს აროშიძე.

მისი თქმით, ზეთის წარმოების განვითარება საჭიროებს აგროსამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბებას, რომ პროდუქცია იქნას მიწოდებული და წარმოების და მიწოდების პროცესიც გამართული იყოს. ეს კი, როგორც პაატა აროშიძე აღნიშნავს, საკმაოდ დიდ კაპიტალს მოითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ინფორმაიცით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გაძვირებამ იმოქმედა, ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით.

იმპორტიორების ინფორმაციით, ზეთის ფასი კიდევ მოიმატებს. ამის შესახებ ამ რამდენიმე დღის წინ  report.ge-თან საქართველოში ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანიის, ,,ალფას“ დამფუძნებელმა გურამ ბროძელმა ისაუბრა. მისი თქმით, გლობალურ ბაზრებზე მოსავლის სიმცირეა, რასაც ემეტება ლარის კურსისა და გაძვირებული საწვავის ფაქტორი, რაც ფასზე ერთობლივად მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system