თავში

რა უშველის სამეწარმეო ბიზნესს

რა უშველის სამეწარმეო ბიზნესს
რა უშველის სამეწარმეო ბიზნესს

საწარმოთა რეგისტრაციის დონე მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებშია. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, სამეწარმეო ბიზნესი ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაშია და სისტემურ ცვლილებას საჭიროებს. რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესის ზრდას, აკადემიკოსი ამას ხსნის იმ გარემოებით, რომ 2020 წლის მარტში ეკონომიკაში დიდი შეზღუდვები დაიწყო და შეუძლებელია, საწარმოთა რეგისტრაციის მიმართ ინტერესი რეალურად ჰქონოდათ.

,,2020 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები დაიწყო ეპიდემიის გავრცელების გამო, ლოკდაუინი დაწესდა და ამ პირობებში ყველას გაუჭირდა, მათ შორის, სამეწარმეო ბიზნესს. ფაქტობრივად, არც რაიმე მოტივაცია არსებობდა, რომ ვინმეს ახალი საწარმო დაერეგისტრირებინა. ათუმცა სიტუაცია შეიცვალა და უკვე 2021 წლის მარტში საწარმოთა რეგისტრაციის ტემპი დაჩქარდა. ეს ფაქტი შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითისკენ გადახრილი მომენტი, მაგრამ ეკონომიკისთვის სხვა არსებით ცვლილებას, ვერ გამოიწვევს, მხოლოდ ციფრებშია სხვაობა. წლების განმავლობაში გრძელდება ტენდენცია, რომ დარეგისტრირებულთა 80%-ზე მეტი არ მოქმედებს. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა გამოსწორებისკენაა, შეზღუდვები თითქმის სრულად მოიხსნა, ,,უქმე დღეებთან" დაკავშირებით დროებით რეგულაციებს თუ არ ჩავთვლით, რაც იძლევა შანსს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლეს და განვითარების პროცესი დაიწყოს", -აცხადებს სილაგაძე report.ge-თან.

მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემაზე საუბრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც  ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოების სიმცირეს მიიჩნევს. მისი თქმით, პრობლემას მთავრობა ცალკეული პროგრამებით ვერ უშველის, თუკი სისტემური ცვლილება არ მოხდება. 

,,მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, წლებია, გრძელდება, მაგრამ მეწარმეობა სისტემურად უნდა გადაეწყოს, ამის გარეშე არაფერი შეიცვლება. ვხედავთ, რომ  რამდენიმე ადამიანი სარგებელს ნამდვილად იღებს, მაგრამ საერთო მდგომარეობა უცვლელია. სამეწარმეო სფერო მოდერნიზაციას საჭიროებს. მწარმოებლური სექტორი არ გვაქვს, როცა იმპორტზე ვართ ორიენტირებული, ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვასაქმებთ სხვა ქვეყნებში და დოვლათი გადის. არც წარმოებაა და არც - სისტემური სამუშაო ადგილები. წარმოების განვითარება და დასაქმება  არის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის გასაღებიც. თუკი შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა არ გატარდება, სამეწარმეო სფეროში პრობლემის მოგვარება გაგვიჭირდება", - აცხადებს ანალიტიკოსი report.ge-თან.

ცნობისთვის, მარტში 5 291 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ეკონომიკური ზრდის განახლებული მაჩვენებელებიდან. ოფიციალური სტატისტიკით, დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვამ მარტში 7,906 მლრდ ლარი იყო, წლიური ზრდა 21,5%-ს უტოლდება. 118%-ითაა გაზრდილი ახალი საწარმოების რეგისტრაციის მაჩვენებელიც, ანუ მარტში დარეგისტრირებულია 5 291 ახალი საწარმო.

ცნობისთვის, 2020 წლის მარტში ქვეყანაში 2 426 ახალი საწარმო დარეგისტრიდა. ცნობისთვის 2020 წლის მარტში საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა და საწარმოთა რეგისტრირების მაჩვენებელი წლიურად 48%-ით შემცირდა. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 2020 წლის მარტში 6,3 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system