თავში

რა ზიანი მიაყენა აფხაზეთის ტრაგედიამ ქვეყნის ეკონომიკას

რა ზიანი მიაყენა აფხაზეთის ტრაგედიამ ქვეყნის ეკონომიკას
რა ზიანი მიაყენა აფხაზეთის ტრაგედიამ ქვეყნის ეკონომიკას

სოხუმის დაცემიდან უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა.

Report.ge შეეცადა ეკონომისტებთან გაერკვია ტერიტორიული დანაკარგის, 300 000-მდე დევნილისა და 25 000-მდე დაღუპულის გარდა, ამ ტრაგედიამ რა მასშტაბის ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას?

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი ჯანგავაძე ამბობს, რომ დაზუსტებით იმის დათვლა, რა ეკონომიკური ზარალი მიადგა საქართველოს ოკუპაციის შედეგად რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მუდმივ ფასებში დათვლილი შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე დღესაც კი უფრო ნაკლებია, ვიდრე 30 წლის წინათ, ბევრ კითხვას სცემს პასუხს.

"ათწლეულებით ადრე ჩადებული ნაღმი 1992 წელს მოქმედებაში მოვიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სეპარატისტულმა ძალებმა, რუსეთის აქტიური დახმარების შედეგად, სოხუმი აიღეს და, კოდორის ხეობის გარდა, მთელი აფხაზეთი დაიკავეს. 15 წლის შემდეგ კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) ოკუპაცია რუსეთმა უკვე ღიად განახორციელა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელს დარგიდან $3.2 მლრდ-ზე მეტ შემოსავალს ელოდება, რაშიც აჭარას მნიშვნელოვანი წილი უკავია. აფხაზეთის საზღვაო კურორტებზე ბუნებრივი პირობები უკეთესია და ეს უპირატესობა უბრალოდ იკარგება. სახელმწიფოს დღესაც უწევს დევნილებისთვის ფულადი დახმარების გაწევა და ბინების მშენებლობა. ქვეყანაში მდგარი საოკუპაციო ჯარი ქმნის არასტაბილურ გარემოს, რომელიც ინვესტიციებს, როგორც მინიმუმ, ანახევრებს," - გვითხრა ეკონომიკის ექსპერტმა.

მისივე შეფასებით, 26 წლის შემდეგ აფხაზეთში მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე ენგურს გამოღმა დარჩენილ საქართველოში. რთულ ეკონომიკურ ვითარებას გამალებული რუსიფიკაციაც ემატება. სიტუაცია კიდევ უფრო უარესია ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუს ტურისტებსაც არ ახსენდებათ. რუსეთის გამალებული მცდელობის მიუხედავად, 11 წლის განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა მხოლოდ შვიდმა სახელმწიფომ აღიარა, საიდანაც ორმა აღიარება უკანვე წაიღო. ეს ქვეყნებია:

1) რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტო

2) ნიკარაგუა 2008 წლის 5 სექტემბერი

3) ვენესუელა 2008 წლის 10 სექტემბერი

4) ნაურუ 2008 წლის 15 დეკემბერი

5) სირია 2018 წლის 29 მაისი

"26 წლის წინათ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, 4 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას და ეთნოწმენდას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რაიმე სახის რეაგირება არ მოჰყოლია. რუსეთისთვის არც 2008 წლის შემდეგ დაუწესებიათ სანქციები. 2014 წელს ყირიმის ანექსიამ დასავლური სამყარო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა აიძულა. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკისა და რუბლის კურსის ვარდნა გამოიწვია, მაგრამ რეჟიმს საფრთხე არ შეჰქმნია. არ შეცვლილა არც კრემლის მიდგომა. მცოცავი ოკუპაცია და ე.წ. საზღვრიდან მოქალაქეების გატაცებები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში მკვლელობებითაც სრულდება დღემდე გრძელდება," - გვეუბნება ირაკლი ჯანგავაძე.

Report.ge გთავაზობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლითაც ნათელი ხდება როგორ შემცირდა ქვეყნის ეკონომიკა 26 წლის წინ აფხაზეთის ომის გამო.

გრაფიკიდან აშკარაა, რომ იმ დოვლათის(მშპ) შექმნაში, რასაც ერთიანი საქართველოს მოსახლეობა ქმნიდა, აფხაზეთის მოსახლეობას დიდი წვლილი შეჰქონდა.

"არ შეიძლება არ აღინიშნოს ოცნების ხელისუფლების ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიხედვით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სავაჭრო ქსელებში) შესაძლებელია, სტატუს-ნეიტრალური მარკირების გამოყენებით განთავსდეს. ქართული მხარის ეს ნაბიჯი გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად. კერძოდ, პროდუქციაზე საკმარისია განთავსდეს მწარმოებლის სახელი, წარმოების ქალაქი ან დასახლება (მაგალითად, სოხუმი, გაგრა და ა.შ.) ან/და მისამართი (ქუჩის და ნომრის მინიშნებით). საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციაზე სტატუს-ნეიტრალური მარკირება შიდა ბაზარზე განთავსდება შესაბამისი შტრიხკოდი, რომელიც პროდუქციას მიენიჭება შესაბამისი შემცველობის მიხედვით. პროდუქციის დასახელება და მასზე განთავსებული სხვა სახის ინფორმაცია შესაძლებელია დატანილ იქნას აფხაზურ ენაზეც. რეალურად ეს ინიციატივა ვერ მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ბიზნესს მკაცრად აკონტროლებს და საკუთარ ნებაზე ექსპორტს უზღუდავს," - გვეუბნება ირაკლი ჯანგავაძემ.

ცნობისთვის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" კონცეფციით საქართველოდან აფხაზეთისა და ცხინვალის პროდუქცია უნდა დაექსპორტდეს, როგორც საქართველოში წარმოშობილი პროდუქტი. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მეწარმეებს შეეძლებათ შესაბამისი სერვისისა და აღნიშნული სერტიფიკატის მოპოვება მომსახურების ერთიან ცენტრში. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმების უნაკლოდ ფუნქციონირებას. ამავე კონცეფციით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედ საწარმოებს, რომლებსაც ექნებათ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის წევრ ან სხვა სახელმწიფოებში ექსპორტის სურვილი, ამ ინიციატივის ფარგლებში, შესაძლებელია, დახმარება გაეწიოთ ევროსტანდარტების დანერგვასა და პროდუქციის მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. შეიქმნება პირობები, რომ კერძო ლაბორატორიების ხელშეწყობით საწარმოებმა უზრუნველყონ პროდუქციისთვის შესაბამისი სერტიფიკატის მიღება.

ცნობისთვის, საქართველო სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთს დენით ვამარაგებთ უფასოდ მაშინ, როცა საქართველოს თავად იმპორტირებული ძვირი ელექტროენერგიის შეძენა უწევს

ამგვარ სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ან სრული იგნორით, ან ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის კიდევ უფრო შევიწროებით პასუხებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system