თავში

რა ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს

რა ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს
რა ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს

გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა აცხადებს, რომ საქართველოს გზებზე „პანდემია“ მძვინვარებს და მას გაცილებით მეტი სიცოცხლე ეწირება, ვიდრე ჩინეთიდან გავრცელებულ ვირუსს.  არაეფექტიანი ტექდათვალიერების რეფორმა, გულგრილობა მაღალი საფრთხის შემცველ გზებზე, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, გადაჭარბებული სიჩქარე, ტურისტული კომპანიების ნებაზე მიშვებული საქმიანობა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემის, რაც სპეციალისტის შეფასებით, საგზაო შემთხვევების რისკს ზრდის. 

პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით შატილის ტრაგედიის შემდეგ გამოჩნდა. ფაქტია, რომ საკანონმდებლო ბაზა არ არის იმ დონეზე მომზადებული, რომ მან ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ცალკე საკითხია აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზი, რასაც საბოლოოდ ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე ეწირება. 

,,მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ არ განიხილა და მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რაც პროგრამაში გაწერილი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას იძლეოდა. სახელმწიფო სტრუქტურებს შორის არაკოორდინირებული მუშაობა და გადაუნაწილებელი პასუხისმგებლობებია, რაც კონკრეტულ უწყებებს აძლევს საშუალებას, თითოეული ამგვარი უბედური შემთხვევისას თითი სხვა უწყებისკენ გაიშვირონ. ტურიზმის დეპარტამენტი მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებში კლიპების გაშვებით არის დაკავებული, როცა უსაფრთხოების ელემენტარული რეგულაციები და მოთხოვნები არ არსებობს. ქვეყანა ცდილობს, მსოფლიო რუკაზე უსაფრთხოების მაღალი დონით მოიწონოს თავი. ამ დროს კი ყოველი დღე ტრაგედიით იწყება ან მთავრდება, რომელსაც უამრავი ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე მიაქვს. ამას ემატება მრავალი ოჯახის ტრაგედია, უდიდესი ეკონომიკური და სოციალური დანაკარგი, რომელიც ჯანდაცვის ისედაც სუსტ სისტემას დამატებით აწვება მხრებზე", - აცხადებს კვაშილავა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, მთავრობის ხედვები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დოკუმენტშია გაწერილი. საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად არის გამოცხადებული სამთავრობო პროგრამაში, ასევე არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აღსრულების საკითხთან დაკავშირებით პრობლემაა. 

ცნობისთვის, ,საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ეკონომიკური კუთხით, საგზაო შემთხვევებისგან ზარალი ქვეყნის მშპ-ს 4%-ია, რაც დიდი დანაკარგია. ეკონომიკა ვითარდება და თუკი საგზაო შემთხვევებისგან მიყენებულ ზარალს არ შევამცირებთ, ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მძიმეა შშს-ს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system