თავში

რაჭაში გირჩის რთველი სრულდება

რაჭაში გირჩის რთველი სრულდება
რაჭაში გირჩის რთველი სრულდება

წელს ექსპორტზე, საქართველოდან ევროპის ბაზარზე დაახლოებით 300-400 ტონა ნედლი გირჩი გავა.

ამის შესახებ report.ge-ს რაჭის სოფელ აბარის ყოფილმა მეტყევემ ჯამბული ლობჟანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გირჩის შეგროვების პროცესი რაჭაში სრულდება და წელს რაჭული გირჩის მოსავლის ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. საპროგნოზო მაჩვებელი კი 400 ტონაა.

"ამბროლაურის 2 სოფელში მიდის კიდევ გირჩის შეგროვება, ესაა საკაო და ჭრებალო. წელს რაჭული ნედლი გირჩის საშუალო ფასი 5-8 ლარი ღირს ხარისხის მიხედვით. რაჭაში ამ დროს გირჩის შესაგროვებლად მუშა-ხელი მეზობელი რეგიონებიდანაც კი ჩამოდის," - გვეუბნება ლობჟანიძე.

შეგახსენებთ, საქართველოდან ევროპაში 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები არიან: გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

როგორც ყოფილი მეტყევე გვეუბნება, გირჩის შარშანდელი სეზონი ნაკლებმოსავლიანი იყო. ჯამბული ლობჟანიძის ინფორმაციით, შარშან დაახლოებით 120 ტონა გირჩის თესლი მიიღეს, რაც 2018 წელთან შედარებით, 15-20%-იან კლებაზე მიანიშნებდა.

ევროპაში გირჩის თესლი 50-70 ევროს ფარგლებში იყიდება. მას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. დანიამ, მაგალითად, ამ თესლით მთელ ევროპაში საახალწლო ნაძვის ხეების ბიზნესი დაიწყო. ჩვენებური სოჭის თესლიდან ხე 7-8 წელიწადში იზრდება. მწიფე გირჩაში დაახლოებით 25 ცალი თესლია. ზოგიერთ ქვეყანაში გირჩის თესლს პარფიუმერიასა და კულინარიაში იყენებენ. თუმცა ძირითადად მაინც რაჭიდან გირჩი ევროპელების საყვარელი ნაძვის ხეების გასამრავლებლად გააქვთ და ნერგები ევროპაშიც გამოყავთ.

როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითაა მოყვანილი. 

ამ ბიზნესიდან საქართველომ 2018 წელს 335 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა მარტო შობა-ახალ წელს გაყიდული ხეების საერთო ოდენობა ევროპაში 2.4 მლრდ ევროს აღწევს.

კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ ”ცოცხალი” ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს. 

ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. გირჩის თესლის თითქმის ყველა მწარმოებელიც ამ ადგილებში მუშაობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება – 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება.

გირჩის ბიზნესი საქართველოში საბჭოთა პერიოდში დაიწყო და 90-იანი წლების მდგომარეობით, ქვეყნიდან 20 ტონა გირჩის თესლი გადიოდა ექსპორტზე. აქედან 2 ტონა ბორჯომის გირჩია, დანარჩენი 18 ტონა კი რაჭიდანაა, რომელიც საუკეთესო ჯიშად ითვლება. 

"საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი თავად მოახდინოს კულტივაცია, მცენარის გაზრდა და შემდეგ ექსპორტზე გატანა. ამისათვის კი სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის ინტერესი და სწორი გათვლაა საჭირო. სწორი და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ ადგილზე მოხდეს ტყის გაშენება, არამედ საექსპორტოდაც გავიტანოთ ქართული ჯიშის ნერგები, რომელიც ასე პოპულარულია მთელ მსოფლიოში", - აცხადებს ყოფილი მეტყევე report.ge-თან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system