თავში

რაჭული სოჭი ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდება

რაჭული სოჭი ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდება
რაჭული სოჭი ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდება

“თლუღის" გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტში აცხადებენ. 

“რაჭული სოჭი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგრარული საექსპორტო რესურსი, ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ღვინო," - ასე ფიქრობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტმენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, რომლის ინფორმაციით, რაჭული სოჭის ბრენდირება და მისი დაცვა უმნიშვნელოვანესია ამ პროდუქტის წარმოებისა და ექსპორტის ხელშესაწყობად. ამირგულაშვილი ამბობს, რომ რაჭული სოჭის გირჩი არის ქართული ბრენდი, რომლის სახელის დაცვაზე შიდა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

"გვინდა, რომ მოხდეს თლუღის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა. ეს უნდა გახდეს ბრენდი და ტურისტული თვალსაზრისით სერიოზული ნიშა დაიკავოს,“ - აცხადებს ამირგულაშვილი და დასძენს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ძალიან დიდი პროცენტი საშობაოდ სწორედ საქართველოდან, ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღიდან წაღებული გირჩის თესლიდან გამოყვანილ საშობაო ნაძის ხეს მოიხმარენ.

სოჭის გირჩის მოპოვებაზე კვოტები და ფასი გადაიხედება. ამჟამად საქართველოში სოჭის გირჩის მოპოვების 19 ლიცენზიანტია. გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ლიცენზიები დიდი ხნის წინაა გაცემული და გადასახედია როგორც კვოტების, ისე ფასის საკითხიც. ახალი სალიცენზიო პირობების ფორმირებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამჯამად სოჭის გირჩის მოპოვება და ექსპორტი აღირიცხება, ხოლო ლიცენზიანტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგს გარემოს დაცვის ზედამზედველობის დეპარტმანეტი ახორციელებს. 

ცნობისთვის, 2020 წელს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების საშუალებით განხორციელდა სოჭის გირჩის მარაგების კვლევები, რომლის საფუძველზეც 2022 წლიდან, სახელმწიფოსათვის მაქსიმალურად მისაღები პირობებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი (10 წლით) ლიცენზიების გაცემა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული კვლევების საფუძველზე განისაზღვრება რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში სოჭის გირჩის მარაგების ზუსტი მონაცემები, არა მხოლოდ სატყეო კვარტლების და უბნების, არამედ ლიტერების ფონზე. 2020 წელს გირჩის რთველი მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. ირჩის შეგროვების პროცესი რაჭაში 2020 წლის სექტემბერში დასრულდა. შარშან ექსპორტზე, საქართველოდან ევროპის ბაზარზე დაახლოებით 300-400 ტონა ნედლი გირჩი გავიდა. რაჭული გირჩის საპროგნოზო მაჩვებელი 400 ტონას შეადგენდა. ნედლი გირჩის საშუალო ფასი 5-8 ლარი ღირს ხარისხის მიხედვით. ევროპაში გირჩის თესლი 50-70 ევროს ფარგლებში იყიდება. საქართველომ 2018 წელს 335 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა მარტო შობა-ახალ წელს გაყიდული ხეების საერთო ოდენობა ევროპაში 2.4 მლრდ ევროს აღწევს. გირჩის 2019 წლის სეზონი ნაკლებმოსავლიანად შეფასდა.

ყოველწლიურად, საქართველოდან 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება ევროპაში, ნაძვების 90% რაჭიდან წაღებული კავკასიური სოჭის თესლიდან არის აღმოცენებული. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები არიან: გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ ”ცოცხალი” ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს. ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. გირჩის თესლის თითქმის ყველა მწარმოებელიც ამ ადგილებში მუშაობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება – 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება.

გირჩის ბიზნესი საქართველოში საბჭოთა პერიოდში დაიწყო და 90-იანი წლების მდგომარეობით, ქვეყნიდან 20 ტონა გირჩის თესლი გადიოდა ექსპორტზე. აქედან 2 ტონა ბორჯომის გირჩია, დანარჩენი 18 ტონა კი რაჭიდანაა, რომელიც საუკეთესო ჯიშად ითვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ C

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system