თავში

რამ შეაფერხა ავტოპარკის განახლების პროცესი საქართველოში

რამ შეაფერხა ავტოპარკის განახლების პროცესი საქართველოში
რამ შეაფერხა ავტოპარკის განახლების პროცესი საქართველოში

ამ დროისთვის საქართველოს ქუჩებში 1 მილიონ 300 ათასზე მეტი მანქანა დადის. მათი 80% 12 წელზე მეტი ხნისაა. 4 წლამდე ავტომობილების წილი ავტოპარკში მხოლოდ 2 %-ია, 4-დან 6 წლამდე ავტომობილების ოდენობა კი მხოლოდ 4%-ს აღწევს.

"გალთ ენდ თაგარტის" კვლევით საქართველოს ავტოპარკი რეგიონში ყველაზე მოძველებულია.

პრობლემასთან დაკავშირებით სასაუბროდ Report.ge - ი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს დაუკავშირდა. სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ გვითხრა, რომ მერია არც თანხას და არც ძალისხმევას იშურებს ავტოპარკის გასაახლებლად. ამ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტის აქტიური განახლება მიმდინარეობს. თბილისის ქუჩებში უკვე მოძრაობს ევრო 6 სტანდარტის ავტობუსები, დაგეგმილია ელექტრო ავტობუსების შემოყვანაც.

ხელისუფლება შეეცადა ერთგვარი ბიძგი მიეცა ქვეყნის საავტომობილო პარკის განახლებისთვის. მაგალითად, შემცირდა აქციზის განაკვეთი ახალი ავტომობილების განბაჟებისას, საერთოდ გათავისუფლებულია აქციზისგან ელექტრომობილები. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

რატომ ვერ მოხდა ავტოპარკის განახლება? - Report.ge - მ აზრი ექსპერტებს ჰკითხა.

სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში ახალი ავტომობილების მომრავლების პროცესი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. მათი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, რაც ავტოპარკის განახლების შესაძლებლობას არ იძლევა. მათივე მტკიცებით, ხელოვნური ჩარევით პრობლემა არ გადაიჭრება.

"ადამიანი პირადი მოხმარების ნივთების შეძენას, ან განახლებას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როცა ეზრდება შემოსავალი. ამ ეტაპზე ადამიანებს ხარჯი გაეზარდათ, შემოსავალი ან შეუმცირდათ, ან საუკეთესო შემთხვევაში, იგივე დარჩათ. ადამიანები ძლივს ახერხებენ საკვებისა და პრეპარატების შეძენას. ავტომობილის განახლებაზე ვერც კი ფიქრობენ. ამიტომ ხელოვნურად ავტოპარკის განახლების ინსპირირება ვერაფრით ვერ მოხდება. ეს პირდაპირ ბმაშია მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, " - განუცხადა Report.ge - ს სატრანსპორტო საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა.

მესხიშვილის აზრს იზიარებს სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმის "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორიც, ვასილ ურუშაძეც. მისი თქმით, ავტოპარკის განახლება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან.

"როცა ადამიანს ეზრდება შემოსავალი ის იწყებს პირადი მოხმარების ნივთების განახლებას, მათ შორის ავტომობილის. ბოლო წლებში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ლარის გაუფასურების გამო შემცირდა მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაც, განსაკუთრებით იმ პროდუქტზე, რომელიც მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვართ ავტომობილის მწარმოებელი ქვეყანა და ავტოპარკის განახლება მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. საშუალო კლასის ახალი ავტომობილი, რომელიც მაგალითად ადრე ღირდა 50 000 ლარი, დღეს მისი ღირებულება 90 000-ს ლარს აღემატება, ადამიანებს უმრავლესობას შემოსავალი კი ეროვნულ ვალუტაში აქვს, სწორედ ამ ტენდენციამ შეაჩერა ავტოპარკის განახლების პროცესი. ხელოვნურად, რეგულაციებით და აკრძალვებით ავტოპარკის განახლება შეუძლებელია, ეს მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რომ ადამიანებს რაც შეიძლება მეტი შემოსავალი გაუჩნდეთ და თავიანთი ძველი ავტომობილები ჩაანაცვლონ ახლით."-ვასო ურუშაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system