თავში

რამდენად აუცილებელია ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის

რამდენად აუცილებელია ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის
რამდენად აუცილებელია ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის

სპეციალისტები, მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის ერთ სულზე რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ქვეყანა, მით უფრო მაღალია ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე. მართალია, ხისტი კორელაცია ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს, თუმცა დადებითი ტრენდი ცალსახაა. საშუალოდ, მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის წლიური მოხმარების ზრდა ყოველი 100 კილოვატით იწვევს მშპ-ის ზრდას დაახლოებით 850 აშშ დოლარით.

სტატისტიკოსი და ეკონომისტი იოსებ არჩვაძე ამტკიცებს, რომ თუ საქართველოს აქვს ამბიცია, ქვეყნის მშპ იყოს ამჟამინდელზე ორჯერ უფრო მეტი, ანუ საშუალო ევროპულ დონესთან მაქსიმალურად მიახლოებული, ქვეყანამ ანალოგიური პროპორციებით უნდა გაზარდოს ელექტროენერგიის წარმოება. სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ერთ სულზე ისრაელი საქართველოს უსწრებს ელექტროენერგიის წარმოებით 1.9-ჯერ, მშპ-ის სიდიდით კი - 2.6-ჯერ. ექსპერტი განმარტავს, რომ საქართველოს მშპ-ის გაორმაგებისათვის დენის ამჟამინდელი სულადობრივი მოხმარება დაახლოებით 1.8-2.0 ათასი კვტ.-სთ-ით მაინც უნდა გაიზარდოს. ეს კი, საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელი რიცხოვნობის გათვალისწინებით დამატებით 7.0-7.5 მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის წარმოებას მოითხოვს.

კითხვაზე, რა სიმძლავრის ჰესი იქნება საჭირო ამ მოცულობის ელექტროენერგიის საწარმოებლდ, არჩვაძე პასუხობს, რომ ამისათვის დაახლოებით 2.2 მლნ. კვტ სიმძლავრის ჰესი (ჰესები) დაგვჭირდება. 

"შედარებისათვის: ენგურჰესის ამჟამინდელი სიმძლავრე „მხოლოდ“ 1.3 მლნ. კილოვატია. ანუ კიდევ ერთი „ასაშენებელი“ ენგურჰესისა და „აუშენებელი“ ხუდონჰესის და ნამახვანიჰესის ეკვივალენტური პოტენციური ენერგიის „კონვერტაციაა“ საჭირო იმისათვის, რომ ეკონომიკის მოცულობა გორმაგდეს და საბოლოოდ გადაიჭრას საბჭოთა წარსულისადმი მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილის ნოსტალგიური დამოკიდებულების ჭიპლარი. ბუნებრივია, თუ კიდევ უფო მეტი, მაღალი ცხოვრების დონეზე გვექნება პრეტენზია, ადექვატურად უნდა გაიზარდოს ელექტროენერგიის წარმოებაც," - ამბობს ექსპერტი და იქვე იმასაც განმარტავს, თუ რა დაუჯდება ეს ყოველივე საქართველოს.

სოსო არჩვაძის გაანგარიშებით, ბოლოდრონდელი მონაცემების საფუძველზე, ჰესის ექსპლუატაციაში შეყვანის ყოველი 1 კვტ.-ის სიმძლავრის ღირებულება ამჟამინდელი ფასებით დაახლოებით 3.7-4.0 ათასი აშშ დოლარია. ანუ 2.2 მილიონი კილოვატ-საათის სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შეყვანას სჭირდება 8-9 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. ეს თანხა კი დაახლოებით 8-ჯერ აღემატება რიკოთის უღელტეხილზე ახალი ავტობანის მშენებლობის ღირებულებას.

კითხვაზე, აქვს კი საქართველოს ამდენი რესურსი, არჩვაძის პასუხი ასეთია: "უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე ჩვენ, მარტო საკუთარი ძალებით, ამ ამოცანას უახლოეს წლებში ვერ გადავწყვეტთ, ან დროში მისი რეალიზაცია ისე გაიჭიმება, რომ როდესაც ამ ახალ მიჯნაზე გავალთ (5-6 ათასი კვტ-სთ ელექტროენერგიის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე) ის უკვე ნაკლებად იქნება ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის ინდიკატორი. ეხლა, როცა მიახლოებით მაინც ვიცით, რა რესურსები გვჭირდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაორმაგებისათვის (ისიც - მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში), უნდა დავჯდეთ სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან, ეკონომისტებთან და ეკოლოგებთან ერთად და ვეძებოთ ოპტიმალური გზები ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ეკოლოგიურ მდგრადობას და ქვეყნის ეროვნულ-სახლემწიფოებრივ სტრატეგიულ ინტერესებს," - განმარტავს ექსპერტი.

შეგახსენებთ, ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივები ჰესის მშენებლობაზე 2015 წელს გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system