თავში

რამდენად დივერსიფიცირებულია იმპორტი საქართველოში

რამდენად დივერსიფიცირებულია იმპორტი საქართველოში
რამდენად დივერსიფიცირებულია იმპორტი საქართველოში

2020 წლის დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.7 პროცენტით შემცირდა და 473.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო თვეში საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა წლიურად 17.7 პროცენტით დაიკლო და 325.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 17.9 პროცენტით 799.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის დეკემბრის თვის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

სებ-ის განმარტებით,  2020 წლის დეკემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 17.9 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლებაში მაღალი წვლილით გამოირჩეოდნენ რუსეთი და აზერბაიჯანი, რაც, სებ-ის ახსნით, ძირითადად, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების წლიურად შემცირების ფონზე, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვების ღირებულების კლებას უკავშირდება. 

უკრაინიდან იმპორტის შემცირებას ეროვნულ ბანკში უკავშირებენ ნახშირბადიანი ფოლადის წნელებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცის, ხოლო თურქეთიდან - მსუბუქი ავტომობილებისა და მავთულ-კაბელების შემოტანის კლებას. 

"დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ-დან (მსუბუქი ავტომობილების გამო), პერუდან (სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემოტანის კლების გავლენით), იაპონიიდან (მსუბუქი ავტომობილების გამო) და ავსტრალიიდან (სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემოტანის კლების გავლენით). ამის საპირისპიროდ, სომხეთიდან და ჩილედან იმპორტის მატება სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ხოლო ნიდერლანდებიდან - სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო აპარატურის შემოტანის ზრდით არის გამოწვეული. 2020 წლის დეკემბერში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა და აშშ. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 63 პროცენტი მოდიოდა," - აღნიშნულია სებ-ის დეკემბრის მიმოხილვაში. 

აქვე განმარტებულია, რომ წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

აქვე ვკითხულობთ, რომ 2020 წლის დეკემბერში, იმპორტირებული საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს, 7.4 პროცენტს, მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 41 პროცენტით შემცირდა და მთლიანი იმპორტის ცვლილებაში -4.2 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. სებ-ის განმარტავს, რომ იმპორტზე კლების მიმართულებით მნიშვნელოვნად იმოქმედა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ნავთობაირების, სატელეფონო აპარატების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტმა (ჯამურად -6.1 პპ).

მოიკლო ასევე ელექტროენერგიის იმპორტმა. ამის საპირისპიროდ, არსებითად გაიზარდა სიგარეტები-სიგარილების, დაფასოებული სამკურნალო საშუალებებისა და სატვირთო ავტომობილების იმპორტი. 

სებ-ის განმარტებით, დეკემბერში იმპორტი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system