თავში

რამდენად ეფექტიანია განათლებაზე ხარჯის ზრდა

რამდენად ეფექტიანია განათლებაზე ხარჯის ზრდა
რამდენად ეფექტიანია განათლებაზე ხარჯის ზრდა

განათლების სექტორში გაწეული მაღალი ხარჯის მიუხედავად, ცოდნის დონით და ზოგადად, მიღებული ეფექტით, საქართველოს გლობალური მასშტაბით უდიდესი ჩამორჩენა აქვს. ამ დროს ბოლო 9 წელში განათლებაში ხარჯი გასამმაგებულია, ეფექტი კი - ბევრად ნაკლები. ფაქტია, რომ როგორც მთავრობის, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო სეგმენტში მოღვაწე პედაგოგ-მეცნიერების მიერ გაწეული ხარჯისა და შრომის უკუგება რეალურად ძალიან მცირეა. რა შეცდომაა დაშვებული, რა აუფასურებს მიღებულ ცოდნას და რა გვიშლის ხელს განათლების დონის ამაღლებაში, ვრცლად ამ საკითხებზე report.ge-თან ქართველი მეცნიერი და სტატისტიკოსი, სოსო არჩვაძე საუბრობს. 

,,განათლება, როგორც ჯანდაცვა, ჰიბრიდული დატვირთვის პროდუქტია. ერთის მხრივ, ეს არის საზოგადოებრივი საქონელი, როდესაც სახელმწიფო აძლევს განათლებას - საბაზოს და შემდეგ უმაღლესს,  საზოგადოების განსაზღვრულ ფენას. ამავე დროს ეს არის კერძო ბიზნესის სახეობა, რომელსაც ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა საქონელს ანუ ყიდვა-გაყიდვის ობიექტი ხდება. ეს ერთი თავისებურებაა. აღსანინავია ისიც, რომ პირდაპირი კორელაცია არ არსებობს  განათლებაში ჩადებულ ხარჯებსა და მიღებულ შედეგს შორის. ყოველწლიურად ვხედავთ, რომ ერთიან ეროვნულ  გამოცდებში ხშირად გამარჯვებული გამოდიან სასოფლო სკოლადამთავრებულები, სადაც პირობები ნაკლებია, არც კომფორტი აქვთ, მაგრამ ეს პიროვნული ნიჭი, უნარი და ტალანტი თავისას შვრება.  ამიტომ ხშირად მასწავლებლის ან ლექტორის მიერ დახარჯული შრომის უკუგების აბსოლუტურ მაჩვენებლებს ვიღებთ. გამოდის, რომ შედეგი მარტო ხარჯზე არ არის დამოკიდებული. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო სფეროს, ორგანიზაციას, რამდენად პასუხობს  ის დროის მოთხოვნებს, ვახდენთ თუ არა თანამედროვე  მოთხოვნების შესაბამისად სწავლების, ცოდნის  გადაცემას თანამედროვე ტექნოლოგიების თვალაჩინოების გამოყენებით", - განმარტავს არჩვაძე.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ასევე, რამდენად არის გათვლილი პერსპექტივაზე ის  ცოდნა, რომელსაც პედაგოგები გადასცემენ ჯერ სკოლებში, შემდეგ - უმაღლეს სასწავლებლებში. როგორც სოსო არჩვაძე აღნიშნავს, გლობალიზაციის აჩქარებულ პირობებში ცოდნაც და ბევრი სხვა მატერიალური და არამატერიალური ღირებულება სწრაფი მორალური ცვეთის  რეჟიმშია გადასული და ერთხელ მიღებული ცოდნის  გაუფასურება ძალიან სწრაფად ხდება. 

,,ადამიანმა თავისი სიცოცხლის მანძილზე რამდენჯერმე უნდა მოახდინოს თავისი უნარ-ჩვევების, ცოდნის გადახალისება,  შეიძლება ჩანაცვლებაც კი, რადგან ბევრი პროფესია წარმოიშვება,  ბევრიც ქრება და საზოგადოებამ ამას ფეხი უნდა აუწყოს. ამ ყველაფერს თუ კომპლექსში განვიხილავთ, გასაგებია, რომ უკუგება არ არის  სასურველ დონეზე და ჩვენი მაჩვენებლები საერთაშორისო მასშტაბით თუ  განათლების ნიშნის მიხედვით, არ არის დამაკმაყოფილებელი, ე.ი. ცვლილება უნდა მოვახდინოთ. მარტო დაფინანსების ზრდა სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანს, სხვა ასპექტებიც უნდა იქნას გათვალისწინებული. ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის პრესტიჟულობის ამაღლებაზე ზრუნვა, რომ ეს ერთიანი ციკლი იყოს, არა მარტო მასწავლებლებს უნდა გავუზარდოთ ხელფასი, არამედ ზოგადად მეცნიერებაში წასვლის მაღალი ეკონომიკური მოტივაციაც უნდა  შევქმნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საზოგადოება  ვერ მიიღებს იმ კვალიფიციურ, ამბიციურ, კრეატიულ კადრებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდება თავისი დაჩქარებული დინამიური განვითარების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება, განათლებაში ჩამორჩენას, ქულები, აქ 2 მომენტია, წმინდა ეკონომიკური, მაგალითისთვის, ჩემი კოლეგები, რომლებიც დღემდე აგრძელებენ აკადემიურ საქმიანობას, 90-იან წლებში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ფეხით დადიოდნენ, სულ მცირე, 10-12 კილომეტრს, რომ ცივ აუდიტორიებში ჩაეტარებინათ ლექციები, მაგრამ ენთუზიაზმი საკმარისი არ არის, რომ ჩვენ მოწინავე  პოზიციაზე ვიყოთ. მატერიალური პირობები გავაუმჯობესეთ, მაგრამ თვითონ ცოდნის თანამედროვე ხასიათი რამდენად საკმარისია, ის  ფორმა, რითაც ვასწავლით და ის ინფორმაცია, რასაც გადავცემთ მოზარდ თაობას, ახალგაზრდებს, რათა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა საბაზრო პირობებში, შრომის ბაზარზე, ამაზე უნდა გვქონდეს აღებული ორიენტაცია. ამას თუ შევძლებთ,  შეგვიძლია უფრო ეფეტიანად გავზარდოთ განათლებაში არსებული სახსრების  ეფექტიანობა", - აცხადებს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, საქართველოში განათლება(ზოგადი განათლების შემთხვევაში კი, მოსწავლეთა უმრავლესობა) ძირითადად საჯარო სექტორის პასუხისმგებლობაა. ბოლო წლებში ამ სექტორს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა – 2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის 5%-ზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავენ. ამან შეიძლება ნაწილობრივ ახსნას ის, თუ რატომ რჩება PISA-ს ქულები საქართველოში დაბალი. 78 ქვეყანას შორის საქართველო მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე, მეცნიერებაში კი 74-ე ადგილზეა. თუმცა ეს მაინც ვერ ხსნის მთლიან სურათს, რადგან ირლანდია2, რომლის განათლების დანახარჯები თითქმის იგივეა, 21-ე (მათემატიკა), მე-8 (კითხვა) და 22-ე (მეცნიერება) ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system