თავში

რამდენად გამართლებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება

რამდენად გამართლებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება
რამდენად გამართლებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებას ბიზნეს წრეებში, ასევე პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. ბიზნესში აცხადებენ, რომ შეზღუდვა ირიბად მათკენ მიმართული მექანიზმია, რაც დიდ ფინანსურ დანაკარგს უკავშირდება. თუმცა იმის გამო, რომ მობილობა მცირდება, სპეციალისტებს, მათ შორის, ტრანსპორტის სფეროში, მოლოდინი აქვთ, რომ ამით ინფიცირების დონე მცირედით მაინც შემცირდება, რა მხრივაც ისინი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ადადებითად აფასებენ.

ორგანიზაციის - ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელია გელა კვაშილავა აცხადებს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ინფიცირების დონის ზრდა, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.

,,სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი, რაღაც პერიოდის განმავლობაში მოხდეს ეპიდემიური ვითარების კონტროლი, ამ მხრივ მობილობის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს ინფიცირების დონის ზრდა, ვინაიდან იმუნიზაცია ძალიან დაბალია და ბუნებრივია, სხვა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შევამციროთ ვირუსის გავრცელება. დრსდღობით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის, რაც სერიოზულ საფრთხეს უკავშირდება, ამიტომ თუ არ გვინდა, ეკონომიკის გაჩერების აუცილებლობის წინ დადგეს ქვეყანა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი გამოსავალი კრიზისული სიტუაციისას. მესმის, ამით ბიზნესი ზარალდება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ვხედავთ, რომ ინფიცირების შემთხვევები მატულობს და ვაქცინაციის პროცესი პასიურია, რაც არ გვიტოვებს სხვა არჩევანის საშუალებას", - ამბობს report.ge-თან გელა კვაშილავა და დასძენს, რომ სამომავლოდ ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს, რადგან სხვანაირად ვერ მოხერხდება ვირუსის გავრცელების შეჩერება.

თუმცა კერძო სექტორის მოსაზრება განსხვავებულია. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ისედაც რთული მდგომარეობაა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება ბევრ სირთულეს გამოიწვევს. 

,,ვახერხებთ იმდენს, რომ თანამშრომელს ჩვენ თვითონ ვატარებთ, დახურვას ასე ვარჩიეთ. თუმცა თუ მომხმარებელი ვერ მოვა და ვერ იყიდის პროდუქციას, პრობლემა ისედაც გამწვავდება. ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელია, ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, ვერ ისარგებლებს ჩვენი მომსახურებით, რაც დიდი დანაკარგი იქნება მოვაჭრეებისთვის, რეალურად მცირე ნაწილი იმუშავებს. არ დავიკეტეთ, მაგრამ სხვა მხრივ არანაირი სარგებელი არ გვექნება, შეზღუდვა ირიბად ჩვენც გვეხება", - ამბობს report.ge-თან ,,გლდანი მოლის" დირექტორი გიორგი კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანპორტის აკრძალვა პოლიტიკოსების მხრიდანაც ნეგატიურად შეფასდა. 

პარტია „მოძრაობა ხალხისთვის“ დამფუძნებელი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ტრანსპორტის შეჩერება პირდაპირი ომია მშრომელი ადამიანების წინააღმდეგ

ცნობისთვის, საქართველოში 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება, თუმცა ბიზნესს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, აღნიშნულ დღეებში დაისვენებს თუ არა. ამასთან, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system