თავში

რამდენად ხელსაყრელ პროცენტში აიღო მთავრობამ ახალი ვალი

რამდენად ხელსაყრელ პროცენტში აიღო მთავრობამ ახალი ვალი
რამდენად ხელსაყრელ პროცენტში აიღო მთავრობამ ახალი ვალი

მთავრობამ რამდენიმე წუთის წინ, ლონდონის ბირჟაზე განათავსა ევროობლიგაციები 500 მილიონი დოლარის ოდენობით, ანუ აიღო ახალი ვალი ძველი ვალის გადასაფარავად. ვადიანობა 5 წელიწადი, ხოლო წლიური პროცენტი 2,75%.  2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს, $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარს შადგენდა. ხელისუფლება ამ ფასიანი ქაღალდის კუპონზე განაკვეთს 3.0%-3.5%- ფარგლებში ელოდა, რაც წინა 10-წლიანი ობლიგაციის განაკვეთზე (6.875%-ზე) 2.2-ჯერ დაბალი იყო, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი ვალი საქართველომ კიდევ უფრო დაბალ პროცენტში, 2,75-ში აიღო. საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევრობონდზე განაკვეთის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რადგან საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2011 წელს არსებული “BB მინუსიდან” “BB”-მდე გაუმჯობესდა. 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის, შეფასებით, ეს კარგი პროცენტი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი განთავსება. მისი მტკიცებით, შეცდომაა, რომ ევრობონდები 10-წლიანი ვადით არ გამოუშვეს.

 "ეს არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ მაქვს რამდენიმე შენიშვნა. რაც უფრო მოკლე ვადითაა ბონდები განთავსებული, ჩვენი, არასაინვესტიციო საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნისათვის, პროცენტი უფრო დაბალია. 5 წლიან განთავსებაზე, დღეს მსოფლიოში არსებული საბაზრო კონიუნქტურიდან გამომდინარე, პროცენტი ცოტა უკეთესი შეიძლება ყოფილიყო. შეცდომაა, რომ არ მოხდა ევროობლიგაციების 10 წლით განთავსება (მსგავსად სომხეთისა). ხუთი წლის შემდეგ აუცილებლად მოგვიწევს ახალი სესხის აღება ამ სესხის გასასტუმრებლად და მაშინ ასეთი ხელსაყრელი პირობები არ იქნება. მსოფლიოში იაფი ფულის ბუმია ბევრი მიზეზის, მათ შორის პანდემიის კრიზის გამო. მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიერ ეკონომიკის სტიმულირებისათვის ხდება დიდძალი რესურსების გამოყოფა, რაც წარმოქმნის ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს საფინანსო ბაზარზე," - ამბობს გოცირიძე და დასძენს, რომ ახლა მთავარია ეს ფული არ გაიფლანგოს ბიუჯეტიდან უაზროდ. 

"ეროვნულმა ბანკმა კი უნდა მოთოკოს თავისი ხელგაშლილი საკრდიტო პოლიტიკა, რაც ლარის გაუფასურებისა და რეზერვების (ანუ ევრობონდებით ნასესხები დოლარების) ამოწურვის მიზეზი შეიძლება გახდეს," - განმარტავს გოცირიძე.

ცნობისთვის, 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ვადა ამოიწურა და ამიტომაც მთავრობამ ახალი ევრობონდები გამოუშვა, რითაც 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა, $500 მილიონი დოლარი, დაფარა. ვალი რეფინანსირდა, ანუ მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ევროობლიგაციის რეფინანსირებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულია ქართული საინვესტიციო ბანკებიც, Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი 2 დღის წინ გამოქვეყნდა და ახალი საგარეო ვალის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს მართავს. წინა ევრობონდებისგან განსხვავებით, ახალი ფასიანი ქაღალდების ვადიანობა არა 10 წელი, არამედ 5 წელი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system