თავში

რამდენად მისაღებია ექსპერტებისთვის ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა

რამდენად მისაღებია ექსპერტებისთვის ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა
რამდენად მისაღებია ექსპერტებისთვის ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა

ფინანსთა მინისტრის პოსტზე ლაშა ხუციშვილის დანიშვნას სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი მინისტრის კანდიდატურა მისაღებია, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, მან შეძლოს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ამავე დროს გადაწყვეტილებების მიღების უნარით გამოირჩეოდეს. ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი თემურ ხომერიკი, რომელიც პრემიერ-მინისტრს კადრებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს.

,,ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეარჩია გამოცდილი კადრი, ძალიან პერსპექტიული და კარგი ბიოგრაფიის მქონე ახალგაზრდა. ანალოგიური მიდგომით შეირჩა რატი ბრეგაძეც იუსტიციის მინისტრად. დღეს ეკონომიკური სტაბილურობა არ დგას მხოლოდ ფინანსებზე, ბევრი პოლიტიკური ფაქტი გვაქვს, პოლიტიკოსები რაღაცას რომ გააფუჭებენ, სახელმწიფოს უწევს მისი მოგვარება, სიტუაციის განეიტრალება,რათა სოციალური უკამყოფილება არ მოხდეს მოსახლეობაში, მცოდნე, წესიერი და გამოცდილი კადრი მისასალმებელია. ამდენად, ორივე მინისტრის კანდიდატურა მისაღებია, მაგრამ მთავარია ჰქონდეთ ის ბერკეტები, მიიღონ გადაწყვეტილებები, შეძლონ საკუთარ თავზე აიღონ პასუხსიმგებლობა და გადაწყვეტილების მიღების უნარით გამოირჩეოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის საშუალება თუ არ მიეცემათ, ვერც ერთი კადრი ვერ იქნება წარმატებული, რაოდენ კარგად მომზადებულიც არ უნდა იყოს. ცვლილებების მოლოდინი უნდა გაჩნდეს. სჯობს, გადავიდეთ რეალური ფაქტების კონსტატაციაზე და გადაიდაგს ნაბიჯები, რაც პოზიტივს მოგვიტანს", - ამბობს report.ge-თან თემურ ხომერიკი. 

განსხვავებული მოსაზრებისაა ფინანსისტი დავით წიქარიძე. მისი შეფასებით, ვერც ერთი საკადრო ცვლილება ვერ გამოიღებს შედეგს, სანამ სისტემურად არ შეიცვლება მიდგომა და ბიუროკრატიულ ხარჯებს არ შეამცირებენ, რაც იქნება დიდი შვება როგორც ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდასაც ხელს შეუწყობს.

,,სანამ მთავრობა არ მივა გონივრულ გადაწყვეტილებამდე, რომ ბიუროკრატიული ხარჯი შესამცირებელია, არაფერი გვეშველება. ვერც ერთი საკადრო ცვლილება ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაინიშნება ფინანსთა მინისტრად, სისტემური მიდგომაა საჭირო. თუკი ადრე ვამბობდი, რომ ხარჯი გასანახევრებელია, ახლა მიმაჩნია, რომ 80%-ითაც უნდა შეამცირონ. სანამ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი არ გადაიდგმევა, ქვეყანას არაფერი ეშველება. თუმცა ვნახეთ, რომ ამის მიუხედავად, მთავრობა ხარჯებს ზრდის რიგი მიმართულებებით, რაც შექმნილ სიტუაციაში არასწორია. ასე არაფერი გამოვა, რადგან ბიუროკრატია არის შესამცირებელი, მაგრამ მთავრობისთვის ეს საარჩევნო კონტიგენტია და ხელს არავინ ანძრევს, რომ სფერო მოაწესრიგოს. სხვანაირად არაფერი გამოვა, მოსახლეობა ვალაუვალი გახდა, რაც არის როგორც ბიზნესის ასევე ბიუჯეტის გამოუვალი მდგომარეობა ", - აცხადებს ფინანსისტი.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ის აქამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ფინანსთა მინისტრის პოსტზე ლაშა ხუციშვილი დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

ლაშა ხუციშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2014 წლიდან დღემდე იყო. ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრი

2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 2008-2013 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young-ში საგადასახადო და იურიდიული მიმართულებით. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისა (ESM) და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system