თავში

რამდენად საიმედოა საქართველოსთვის მინიჭებული რეიტინგები

რამდენად საიმედოა საქართველოსთვის მინიჭებული რეიტინგები
რამდენად საიმედოა საქართველოსთვის  მინიჭებული რეიტინგები

ბიზნესში არსებული კრიზისის, უმუშევრობის ზრდისა და ეკონომიკური კოლაფსის პირობებში საქართველოსთვის მინიჭებულ პოზიტიურ რეიტინგებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი რეალობისგან აცდენილ შეფასებად მიიჩნევს.  ამ თვალსაზრისით, როგორც ის report.ge-თან ამბობს, უსაფუძვლოა საქართველოს კონკურენტუნარიანობის დადებითად შეფასება, რადგან ქვეყანაში არსებულ რეალობას ვერ ასახავს.

,,კრიზისის პირობებში მინიჭებული ინდექსები ფარდობითია, ვერანაირად ვერ თავსდება იმ რეალობასთან, რაშიც ეპიდემიის გამო ქვეყანა ჩავარდა. მთავარი ინდექსია, მაცივარს რომ გამოაღებ და იქ სიცარიელე არ დაგხვდება. ნებისმიერი ადამიანისთვის ამით იზომება კეთილდღეობა. სხვა შემთხვევაში, ეს ფასადური ინდექსები არაფერს იძლევა.  უსაქმო საუბარია, რაზეც სახელმწიფო ფუჭ იმედს ამყარებს. ვხედავთ, რომ სამომხმარებლო კალათა მცირდება, საშემოსავლო ინდექსები უარყოფითია და მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება. არანაირი ინდექსი ამ რეალობას ვერ შეცვლის. ეს არის სამწუხარო ფაქტი, პროპაგანდული ან სხვა მიზნებით მანიპულირებაა, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა. მეტიც, ცინიკური დამოკიდებულებაც კი იგრძნობა, რადგან მინიჭებულ ინდექსებს და რეიტინგებს ჩვენს ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მით უმეტეს, როცა ეკონომიკური ვარდნა გვაქვს, ლარი გაიქცა, ყველაფერი გაძვირდა, სამუშაო ადგილები დაიკარგა და სხვა. შარშანდელთან შედარებით, მოსახლეობით თითქმის 8%-მა სამუშაო ადგილი დაკარგა. რა ინდექსებზე გვესაუბრებიან ამ პირობებში, პირიქით, ბიზნესი კონკურენტუუნაროა, დღითიდღე კარგავს შემოსავლებს და მომდევნო პერიოდში პოზიციებს კიდევ უფრო გაიუარესებს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო, მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის 7 - წლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. აღმოჩნდა, რომ GSC index 2020-ის რეიტინგში საქართველო 37-ე ადგილზე გავიდა, შეფასების ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 51.2 ქულით საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system