თავში

რამდენად სარისკოა საფრანგეთთან ფრენების აღდგენა საქართველოსთვის

რამდენად სარისკოა საფრანგეთთან ფრენების აღდგენა საქართველოსთვის
რამდენად სარისკოა საფრანგეთთან ფრენების აღდგენა საქართველოსთვის

5 ქვეყანას შორის, რომლებსაც საქართველო საჰაერო საზღვარს უპირობოდ გაუხსნის, საფრანგეთის ჩასმა განაპირობა იმან, თუ როგორ მართავს ქვეყანა ვირუსს. 

ასე განმარტავს ჯანდაცვის მინისტრი იმას, თუ რატომ მოხვდა სიაში საფრანგეთი, სადაც რთული ეპიდვითარებაა.

„ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განისაზღვრება არამხოლოდ იმ პერიოდში არსებული მდგომარეობით, როდესაც ფიქსირდებოდა აღმავალი ინფექცია, არამედ როგორ მართავს ქვეყანა ვირუსს დღესდღეობით და როგორია ამ ქვეყანაში 100 000 სულ მოსახლეზე ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, ეს გვაძლევდა ჩვენ იმის საშუალებას, რომ საფრანგეთი ჩაგვესვა უპირობოდ შემომსვლელთა სიაში", - ამბობს ტიკარაძე.

ცნობისთვის საზღვრების უპირობოდ გახსნა ოპოზიციის კრიტიკას იმსახურებს.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  საზღვრების ტესტირების გარეშე გახსნა შეიცავს სერიოზულ საფრთხეს. 

"გაუგებარია, რატომ უხსნი საზღვარს უპირობოდ მაგალითად, საფრანგეთს, სადაც პანდემია ბობოქრობდა და არ უხსნი მონტენეგროს? ”ვინც გამიხსნა იმას ვუხსნი” უაზრო პრინციპია. ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. ყველამ, ვინც შემოვა, მიუხედავათ იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან, უნდა წარმოადგინოს გამოფრენამდე 1-3 დღით ადრე გაკეთებული ანალიზი. საზღვარზე სიცხიანს კი აქ უნდა გაუკეთდეს დამატებითი გამოკვლევა. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება არის არასწორი," - წერს დეპუტატი.

შეგახსენებთ, ქვეყანამ ავიასივრცე რეგულარული საერთასორისო ფრენებისთვის მხოლოდ 5 ქვეყანასთან გახსნა. ესაა გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

საქართველო ინტენსიურ ჩარტერულ ფრენებს ინარჩუნებს.

ევროკავშირმა კი საქართველოს ავიასივრცე 1 ივლისიდან გაუხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system