თავში

რამდენად შესაძლებელია, ხალხი მიწას დაუბრუნდეს

რამდენად შესაძლებელია, ხალხი მიწას დაუბრუნდეს
რამდენად შესაძლებელია, ხალხი მიწას დაუბრუნდეს

სოფლის მეურნეობის როლი გაძლიერდება. კორონავირუსის პანიკამ მოსახლეობას დაანახა, რომ საკუთარ რესურსი მაქსიმალურად გამოსაყენებელია და ამ მხრივ აგრარულ სექტორს ალტერნატივა არ აქვს. ასე ფიქრობს პროფესორი პაატა აროშიძე, რომლის განცხადებითაც, პოსტკორონავირუსული პერიოდის დადგომისთანავე სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას და განსაკუთრებით მიწის რესურსი გამოიყენოს. 

,,პრაქტიკულად შეჩერებულია ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები  და ასეთ სიტუაციაში ყველა ცდილობს, რომ  ადგილობრივი წარმოება გააძლიეროს. ყველა დაუბრუნდება მიწას და ეს პროცესი საქართველოშიც დაიწყება.  შეხედულება, რომ არგენტინაში ხილი იაფია და იქიდან შემოვიტანთ, დღეს კი არა, პოსტკორონავირუსულ სიტუაციაშიც  ყავლგასულად ჩაითვლება. უკვე ყველა გაუფრთხილდება საკუთარ რესურსს და ყველაზე შეუფასებელი გახდება. პირველ რიგში, ქვეყანა აწარმოებს იმას, რაც მისთვის იქნება საკმარისი. ჩვენი დიდი უპირატესობაა, რომ ვფლობთ სოფლის მეურნეობის მთავარ საფუძველს - მიწას და მხოლოდ შრომის რესურსის გამოყენება დაგვჭირდება", - განუცხადა პაატა აროშიძემ report.ge-ს. 

პროფესორი ფიქრობს, რომ აგრარული სექტორის წამოწევასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება - სამრეწველო ინდუსტრია განვითარდეს.  

,,პრობლემა გლობალურია და პირველ რიგში სწორედ გლობალიზაციას დაარტყამს. როგორმე უნდა გადავრჩეთ და განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება. ეს უკვე დაიწყო ნიღბებით წარმოებით, რომლის შეკერვა ადრეც შეიძლებოდა საქართველოში, მაგრამ აქამდე რატომღაც იმპორტირებული იყო. დროთა განმავლობაში, ალბათ, ასე გადავეწყობით - ადგილობრივ წარმოებაზე. აქამდე კი წინ რთული გაზაფხული და ზაფხული გველის. შრომითი და მეცნიერული რესურსი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად და სოფლის მეურნეობის როლის გავაძლიეროთ, დღეს ეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება", - ამბობს პაატა აროშიძე.

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ფიქრი განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც გლობალური მასშტაბით, გარკვეული პროდუქციის მარაგების პრობლემა გააჩნდა. წამყვანი დედაქალაქების მაღაზიებშიც კი დაცარიელდა დახლები. დეფიციტი არ იგრძნობა, მაგრამ პანიკაა საქართველოშიც. შიში, რომ ვირუსი დიდხანს არ გადაივლის და შეიძლება ტვირთების გადაზიდვაც შეიზღუდოს, სავარაუდოდ წაახალისებს ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობას. მთავრობაც და ექსპერტებიც სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს, მით უფრო ახლა, როცა საგაზაფხულო სამუშაოების სეზონი იწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system