თავში

რამდენად სწორად მიმდინარეობს თბილისის განაშენიანება

რამდენად სწორად მიმდინარეობს თბილისის განაშენიანება
რამდენად სწორად მიმდინარეობს თბილისის განაშენიანება

თბილისის განაშენიანებასთან დაკავშირებით ურბანისტებს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ. ნაწილი აცხადებს, რომ ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან ურბანული განვითარების არასწორი გეგმით მიდის თბილისის მმართველობა. კერძოდ, ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის შეფასებით, მერიამ ამ მიმართულებით ცუდად იმუშავა.

,,უამრავი ღირშესანიშნავი ადგილი დამახიჯდა. შორს წაგვიყვანს ჩამონათვალი, მარტო ჩოგბურთის კორტები ვაკეში რომ ნახოთ, საკმარისა!  გარშემო ბეტონის ჯუნგლებია და როგორ შეიძლება ამ დროს საუბარი, რომ თბილისი ვითარდება სწორად! მიმაჩნია, რომ ქვეყნის მთავარი არქიტექტორი არ მუშაობს კარგად, მეტიც,  მუშაობს ცუდად, რადგან თბილისი არ ჰგავს ქალაქს და ეს ფრაზაც საკმარისია, რომ თბილისის განაშენიანების გეგმა შეფასდეს. ცხადია, ურთულესი საქმეა. ძალიან კარგია, რომ გენგეგმა მივიღეთ, მაგრამ იდეალური გენგეგმები არ არსებობს, რადგან ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. ქალაქის განვითარება ბუნებრივი პროცესია თავისი ხარვეზებით, ჩავარდნებით თუ წარმატებით და ამ ყველაფერს სჭირდება ობიექტური გაზომვა. ამის ერთადერთი საშუალება არის ურბანული ინდიკატორების სისტემის რეალიზება და მუდმივი წარმოება. ეს უნდა იყოს ყოველწლიურად, რათა მერიის ხელმძღვანელობამ გვითხრას რა წერტილში ვართ, რა არის გასაკეთებელი, სად გვაქვს ჩავარდნა და ასე შემდეგ", - აცხადებს ვარდოსანიძე report.ge-თან.

საპირისპირო მოსაზრებისაა ურბანისტი მერაბ ბოლქვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ  სერიოზული ღონისძიებებია გაწეული და სწორი კურსია აღებული თბილისის განაშენიანების მიმართულებით. თუმცა ბოლქვაძე საუბრობს იმაზეც, რომ აქვს რამდენიმე შენიშვნა, მათ შორის, პროექტების განხორციელების ტემპთან დაკავშირებით.

,,გენგეგმის ფარგლებში, ერთ-ერთი ძირითადი საკითხია მშენებლობის კოეფიციენტების შეზღუდვა. დაახლოებით  2 წელია, რაც კოეფიციენტების ყიდვა აკრძალულია. გარდა ამისა, მწვანე ტერიტორიებთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა და ნაწილი ახლაც ხორციელდება. სატრანსპორტო ურბანული პოლიტიკის თვალსაზრისითაც, ურბანული ტრანსპორტის სტანდარტი შემუშავდა - საჯარო ტრანსპორტის უპირველესად განვითარება კერძო ტრანსპორტტან შედარებით. ამავე დროს პოლიცენტრული განვითარება. 7-8 ისეთი მიმართულებაა, რაც გენგეგმამ დაასაბუთა და უნდა განხორციელდეს. ზოგადად, ამ ლანდშაფტური, მწვანე სივრცეების დაცვა-განვითარების მიმართულებით ნამდვილად გადაიდგა ნაბიჯები, რამდენიმე ტერიტორიის გამოსყიდვაც მოხდა, რამდენიმე პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. შეიძლება 1-2 პროექტთან დაკავშირებით, მეტად  გადადგმულიყო ნაბიჯები. მწვანე რეკრეაციულ ზონებში მშენებლობასთან დაკავშირებით იყო დიდი ვნებათაღელვა და მოსახლეობის სამართლიანი განწყობაც გამოიხატა, ესეც მეტნაკლებად მოგვ არდა. არის რამდენიმე, სამუშაო სახის სურვილები, რასაც მერიას გადავცემთ რეკომენდაციების სახით, რომ გაითვალისწინონ. კერძოდ, რამდენიმე პროექტის დაჩქარებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთია საქალაქო ბულვარი ,,300 არაგველის" მიმდებარედ. მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯი, რომ მწვანე საქალაქო ბულვარის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შესრულდეს", - ამბობს report.ge-თან მერაბ ბოლქვაძე. 

ცნობისთვის, დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტმა განაშენიანების გეგმარების მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი სტანდარტები დაადგინა.

ამის შესახებ მან დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა.

ვიცე-მერის თქმით, პრაქტიკაში მუშავდება ისეთი სტანდარტები, როგორიც არის ტრანსპორტის კვლევა, დენდროლოგიური პროექტის შედგენა და საინჟინრო ქსელების დაგეგმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system