თავში

რამდენად სწორად პასუხობს მთავრობა ეკონომიკურ გამოწვევებს

რამდენად სწორად პასუხობს მთავრობა ეკონომიკურ გამოწვევებს
რამდენად სწორად პასუხობს მთავრობა ეკონომიკურ გამოწვევებს

მთავრობის ეკონომიკური გუნდის საქმიანობა პანდემიისას სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვნად ფასდება. ნაწილი ფიქრობს, რომ მკაცრი შეზღუდვებით მოქალაქეების და ბიზნესის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, ხოლო პრევენციის მიზნით გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი რეალურად ვერ გამოიღო. ასეთია ეკონომისტ დემურ გიორხელიძის პოზიცია, რომელიც report.ge-თან აცხადებს, რომ ეპიდემიურ სიტუაციაში მთავრობა არათანმიმდევრულია.

,,ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი კოტრდება. ცხადია, გაგრძელდება ეს პროცესი და მდგომარეობა უფრო გართულდება. ძალიან მძიმე, გაცილებით რთული წელი გველის, ვიდრე შარშან იყო. არ მესმის ის კამპანიურობა, რაც საქართველოს ხელისუფლებაშია ანუ რატომ არ შეიძლებოდა გეგმაზომიერი, აწყობილი, თანმიმდევრული პოლიტიკა განხორციელებულიყო. ცხდია, საქართველო ვერ გაკეთებს იმას, რაც აშშ-მ გააკეთა, სხვა დონის ქვეყანაა, სხვა საშუალებები აქვს. ტრილიონობით დოლარი მარტო მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებაში ჩაიდო, ევროპამაც კი ვერ შეძლო მსგავსი ღონისძიებების გატარება. თუმცა ჩვენ ჩვენი რესურსით, განსაკუთრებით სწორი მიდგომით და არა უაზრო შეზღუდვებით, შეგვეძლო ბევრად უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია, ვიდრე აქამდე მოვახერხეთ.  ფაქტობრივად, ბოლშევიკურ პროპაგანდას ეწევა მთავრობა, ყველანაირ შესაძლებლობას ზღუდავენ. ვნახეთ, რომ ამან შედეგი ვერ გამოიღო", - ამბობს გიორხელიძე და დასძენს, რომ თუკი ქვეყანა მორიგ ლოკდაუნზე წავა, ქვეყანა აღმოჩნდება ღრმა კრიზისში, საიდანაც მერე გამოსვლა შეიძლება შეუძლებელი გახდეს. 

,,ვიმედოვნებ, რომ მეტი შეზღუდვები არ იქნება. ვხედავთ, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ, უარესი ვითარება გვექნება. ეკონომიკა  ტურიზმზეა ჩამოკიდებული. ვინმე თუ ფიქრობს, რომ მოასკდება საქართველოს ტურისტები, წლები ვერ მოხდება ასე, სხვა მიმართულებით გვმართებს ღონისძიებების განხორციელება, რა მიმართულებითაც მთავრობის მხრიდან, რაც შეიძლება, სწორი და ფრთხილი ნაბიჯი უნდა გადაიდგას", - დასძენს დემურ გიორხელიძე report.ge-თან. 

განსხვავებული მოსაზრებისაა ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, რომლის შეფასებითაც, მთავრობის მხრიდან შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდა. მისი თქმით, ეპიდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მომავალშიც შექმნის პრობლემას. თუმცა, მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსვლის გზა სწორად შეირჩა, რაც პრობლემის მოგვარების იმედს იძლევა.

,,ეპიდემიის გამო ხელისუფლებამ და მსოახლეობამაც, ასევე ბიზნესმა, ურთულესი პერიოდი გამოვიარეთ. ახლაც ამ ეტაპს გავდივართ. ვფიქრობ, რომ მთავრობამ გააკეთა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი.  ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი დახმარებებია გაცემული, რაც შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ ცოტაც არ არის. ეპიდემიამ უამრავი ოჯახის კეთილდღეობა შეარყია, ალბათ, თითქმის ყველას გაუჭირდა, სახელმწიფო პროექტების გარდა. კერძო ბიზნესში კი ყველაზე მეტი პრობლემა დაგროვდა, უკლებლივ ყველა სფეროს შეეხო. ეპიდემიამ არა მარტო სახელმწიფოები გადააწყო ახალ რეჟიმზე, მთლიანად ჩვენი ფსიქიკა შეცვალა. ის, რაც 2019 წელს იყო მსოფლიო, არასდროს იქნება, ეპიდემიამდე და ეპიდემიის შემდეგ- ასე გაიყოფა ცხოვრება და ჩვენ შეცვლილ სტანდარტთან სამუდამო შეგუება, ეპიდემიასთან ერთად ცხოვრების თავიდან შესწავლა მოგვიწევს", -  ამბობს ექსპერტი report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system