თავში

რამდენად სწორია აგროტურიზმის კანონპროექტის განხილვის შეჩერება

რამდენად სწორია აგროტურიზმის კანონპროექტის განხილვის შეჩერება
რამდენად სწორია აგროტურიზმის კანონპროექტის განხილვის შეჩერება

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა  ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

აგროტურიზმის ჩარჩო დოკუმენტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მოუმზადა. კომიტეტმა გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შეთავაზებული ცვლილებები გაითვალისწინა და კანონპროექტი დააინიცირა.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარისთვის, ნინო ზამბახიძისთვის, გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. მისთვის არადამაკმაყოფილებელია განმარტება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, დავით სონღლაშვილისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, მხრდიდანაც.

"წელიწადნახევარი ვიმუშავეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციათან, აისეტთან და წინა მოწვევის პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიასთან ერთად აგროტურიზმის კანონპროექტზე. მოხდა არაერთი შეხვედრა სამინისტროებთან, ასოციაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, გაკეთდა "რია" - რეგულირების გავლენის შეფასება და დღეს ვიგებთ, რომ კანონპროექტს დეპუტატები აღარ განუიხილავენ. ეს დიდი შეცდომაა. ეს მაშინ ხდება, როცა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ აგროტურიზმის წელი გამოაცხადა, ჩვენ კი ვწყვეტთ მსჯელობას ამ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტზე“, - ამბობს ნინო ზამბახიძემ.

"აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტის ნაწილი, რაც გამოდგება ახალი კანონისთვის, იქნება გათვალისწინებული. აგროტურიზმის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მიღებული იყოს ჩარჩო-კანონი და ამაზე დაშენდეს ტურიზმის სექტორული განვითარება“, - ამბობს დავით სონღულაშვილი.

აგროტურიზმთან დაკავშირებით საქართველოს X მოწვევის პარლამენტმა წინა მოწვევის პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. პარლამენტს ის გასული წლის ოქტომბერში წარედგინა. ის აგროტურისტული საქმიანობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. კანონპროექტს უნდა განესაზღვრა აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტისთვის სტატუსის მინიჭების წესი და დაეკონკრეტებინა, რომ სტატუსის მინიჭებასა და შეწყვეტაზე უფლებამოსილი იქნება შემოსავლების სამსახური, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს აგროტურიზმის ბაზრის პოტენციალის კვლევით.

საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზე მუშაობს. მზადდება საკანონმდებლო ჩარჩო და ერთობლივი საინფორმაციო ბაზა. 

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო. მართალია, დეტალები, თუ რა ცვლილებები შეიძლება კანონმდებლობის მეშვეობით განხორციელდეს, უცნობია. თუმცა სპეციალისტები საუბრობენ, თუ როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა ტურიზმის შესახებ და როგორ განისაზღვროს ფუნქციები, რა გამოცდილება შეიძლება გაითვალისწინოს ქვეყანამ და რა -ვეღარ. 

ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხებზე ერთობლივად მსჯელობს ბიზნესომბუდსნების აპარატი, მთავრობის ეკონომკური გუნდი და ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელშიც 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system