თავში

რამდენად სწორია საპენსიო თანხის განთავსება უცხოურ ფასიან ქაღალდებში

რამდენად სწორია საპენსიო თანხის განთავსება უცხოურ ფასიან ქაღალდებში
რამდენად სწორია საპენსიო თანხის განთავსება უცხოურ ფასიან ქაღალდებში

საპენსიო დანაზოგების უცხოურ ფასიან ქაღალდებში დაბანდებას ექსპერტულ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება სწორია, რადგან ამით რისკები მეტნაკლებად დაზღვეულია. თუმცა ფინანსისტების ნაწილი ამ მოსაზრებას კატეგორიულად ემიჯნება. როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, გადაწყვეტილება წამგებიანია და შეიძლება ამით ეკონომიკა საგრძნობლად დაზარალდეს.

,,ჩვენთან გარანტირებული საინვესტიციო აქტივები პრაქტიკულად არ არსებობს და ეს არის ძალიან დიდი ნაკლი როგორც ფინანსთა სამინისტროსი, ისე ეროვნული ბანკის. რაც შეეხება უშუალოდ განთავსებას უცხოურ ფასიან ქაღალდებში, ეს არის კაპიტალის გადინება ქვეყნიდან და სხვა ეკონომიკებში დაბანდება, რაც ძალიან წამგებიანი სტრატეგიაა. ასეთ ფასიან ქაღალდებში შემოსავლიანობა ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, საპენსიო თანხები რამდენად პროდუქტიულად და ეფექტურად იქნება დაბანდებული, საეჭვოა. რეალურად იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა დაბანდებული ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკაში, ვგულისხმობ, პოტენციურ შესაძლებლობებს, რაც სახელმწიფოს გააჩნია - შექმნას ისეთი აქტივები, სადაც შეიძლებოდა დაბანდების განხორციელება ურისკო და შედარებით მაღალი შემოსავლიანობით. ეს არის მუნიციპალური, რეგიონალური, ინფრასტრუქტურული ობლიგაციები და ა.შ. პრაქტიკულად არ შექმნა სახელმწიფომ ის წანაპირობა, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებში ყოფილიყო დაბანდება შესაძლებელი", - ამბობს ხომიზურაშვილი და დასძენს, რომ გადაწყვეტილება წამგებიანია იმ მხრივაც, რომ კაპიტალის გადინება უნდა მოხდეს ისეთ პირობებში, როცა ინვესტიციების დეფიციტია და პრაქტიკულად საინვესტიციო კაპიტალი არ მოგვეპოვება. 

ხომიზურაშვილის შეფასებით, ამან  კურსზე გარკვეულწლილად იმოქმედოს გამყარების თვალსაზრისით, მაგრამ ბევრად უფრო ეფექტიანი იქნებოდა ეს რესურსი მიმართულიყო ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ  და არა სხვა ქვეყნების  ფასიან ქაღალდებში. 

განსხვავებული მოსაზრებისაა ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, რომლის შეფასებითაც, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ აპრობირებულ, შესაბამისი რეპუტაციის მქონე ფასიან ქარალდებში განთავსება იძლევა საშუალებას, რომ რისკი იყოს მინიმალური, ხოლო შემოსავალი - სტაბილური.

,,გონივრული მიზანშეწონილობის საკითხია. საპენსიო სახსრების განთავსება მაღალი რისკიანობის მქონე წარმოებაში არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. ფულის ფუნქციაა, რომ იყოს ბრუნვაში და უზრუნველყოს დამატებული ღირებულების შექმნის წახალისება. ფულს აქვს მულტიპკატორული ფუნქცია და ეს ფუინქცია უნდა იყოს მთლიანად გამოყენებული. მოსაძებნია ოქროს შუალედი. შიძლება, საპროცენტო განაკვეთი დაბალია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა, რომ მაღალი მოგების მიღების ნაცვლად, ორიენტირებული უნდა ვიყოთ გარანტირებულ დამატებულ შემოსავალზე, რაც უზრუნველყოფს რისკების მინიმალიზაციას და შეოსავლების თანდათან მატებას", - განმარტავს არჩვაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, საპენსიო დანაზოგები საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში განთავსდება. საპენსიო სააგენტო ინვესტირებისთვის ემზადება. ინვესტირების პროცესი უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ დაიწყება, რაც ცენტრალური დეპოზიტარი შეირჩევა. გლობალურ ბაზარზე ფასიან ქაღალდებში საპენსიო დანაზოგის ინვესტირებით, სააგენტო ელის, რომ გრძელვადიან პერიოდში თანხებზე დარიცხული მომგებიანობა დღეს არსებულზე 11%-ით მეტი იქნება.

„ცენტრალური დეპოზიტარის შერჩევის პროცესი რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ 2-3 კვირაში დასრულდება. მოხდება სავალუტო დივერსიფიკაცია და ისეთ ფასიან ქაღალდებს შევიძენთ, სადაც გვექნება ზრდის პოტენციალი, ანუ, ფულს განვათავსებთ აქციებში, ინდექსებსა და ფონდებში“, - ამბობს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე.

გარდა ამისა, პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დღეს საპენსიო სააგენტოს ხელმზღვანელმა, გიორგი დანელიამ, ირაკლი კოვზანაძეს, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეგვიძლია სამი მიმართულებით დავყოთ: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია.

ცნობისთვის, ამჟამად საპენსიო აქტივები ქართულ კომერციულ ბანკებშია განთავსებული და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%. ბოლო მონაცემებით, საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system