თავში

რამდენად სწორია ტექდათვალიერების დაშვება ნაწილობრივი ლოკდაუნისას

რამდენად სწორია ტექდათვალიერების დაშვება ნაწილობრივი ლოკდაუნისას
რამდენად სწორია ტექდათვალიერების დაშვება ნაწილობრივი ლოკდაუნისას

ერთხელ უკვე გადავადებული ტექდათვალიერების პროცესი ნებადართულია და ამ ეტაპზეც გრძელდება. როგორც report.ge ორიოდე კვირის წინ წერდა, მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები არ ეხება ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სავალდებულოა ავტომობილების ტექდათვალიერების ჩატარება შესაბამის ვადებში, ანუ, მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე. საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის თქმით,  სერვისცენტრები ღიაა და მძღოლებს არანაირი პრობლემა არ აქვთ ტექდათვალიერების გავლისა, თუმცა მოთხოვნა ძალიან დაბალია.

,,სერვისცენტრები არ გაჩერებულან,  ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ და ტექინსპექტირებაც არ გადადებულა. თუმცა ადმინისტრირება ნაკლებად აქტიურია და ეს შედეგზეც ჩანს, მძღოლები ძალიან პასიურობენ. ბოლო მონაცემი ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ კლების ტენდენცია შემიძლია დაგიდასტუროთ. ამ ეტაპზე covid-19 ხელისშემშლელი ფაქტორი ნამდვილად არ არის, მაგრამ მიდგომა უნდა გამკაცრდეს. ჭკვიანი კამერები არ რეაგირებენ და შესაბამისად, არც ჯარიმების გამოწერა ხდება, რის გამოც მოსახლეობაც ამ ვალდებულებას ზერელედ ასრულებს და ეს შედეგზეც აისახება, ძალიან მცირეა მიმართვიანობა", - ამბობს ვაჟა იორდანაშვილი.

გადაწყვეტილებას, რომ ტექდათვალიერების პროცესი არ შეეზღუდათ, ტრასნპორტის დარგის სპეციალისტები  ნეგატიურად აფასებენ. „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას თქმით, ტექინსპექტირების გადავადება აუცილებელი იყო, მით უმეტეს, რომ ბაზრობები დაკეტილია და მძღოლებს ავტონაწილებზე წვდომა ამ მხრივ შეზღუდული აქვთ.

ტექინსპექტირება ახლა გადავადებული არ არის, მაგრამ ვიცი, რომ ვისაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი, საჯარიმო სანქციები არავის არ მისდის. „ლოქდაუნის“ პერიოდში ავტომატურად უნდა გადავადებულიყო ეს პროცესი, რადგან ყველას გაუჭირდება ამ პერიოდში ტექდათვალიერების გავლა. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ჯარიმა არავის მისვლია. ავტომფლობელებს დიდი პრობლემები აქვთ იმის გამო, რომ ბაზრობები არ მუშაობენ და მანქანების გამართვა ამის გამოც უჭირთ. ასეც რომ არ იყოს, ხალხს ისედაც უჭირს და დამატებითი ხარჯებისგან უნდა გათავისუფლდნენ, რომ უმძიმესი პერიოდი შედარებით მარტივად გადაიტანონ", - ამბობს ირაკლი იზორია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system