თავში

რამდენად უზრუნველყოფს სები ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას

რამდენად უზრუნველყოფს სები ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას
რამდენად უზრუნველყოფს სები ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას

საქართველოს ეროვნული ბანკის(სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა. ამის შესახებ სების ოფიციალურ გვერდზე წერია. 

ცნობისთვის, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის მიზანი დაკრედიტების ჭარბი ზრდისას წარმოქმნილი სისტემური რისკებისგან საბანკო სისტემის დაცვაა. ბუფერი გაიზრდება მაშინ, როდესაც კომიტეტი მიიჩნევს, რომ ბანკების მიერ დაკრედიტების ჭარბი ზრდა ხდება, რამაც შესაძლებელია, სისტემური რისკების დაგროვება გამოიწვიოს. ხოლო რისკების მატერიალიზაციის შემთხვევაში კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა შემცირდება, რაც ბანკებისთვის დამატებით კაპიტალს გამოათავისუფლებს და დაეხმარება ფინანსურ სისტემას, რომ ეკონომიკის დაკრედიტება მკვეთრად არ შემცირდეს.კონტრციკლური ბუფერი დგინდება კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებზე დანამატის სახით. მისი მოცულობა განისაზღვრება რისკის მიხედვით შეწონილი მთლიანი აქტივების მიმართ 0%-დან 2.5%-მდე შუალედში. კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის დადგენისას, კომიტეტი სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობას და მისი გრძელვადიანი ტრენდიდან გადახრის ინდიკატორებს ითვალისწინებს.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ინფორმაციით, 2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წლის აგვისტოში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.

ქვეყნის მთავარი ბანკის ინფორმაციით, ფინანსური სტაბილურობის, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია. მიზნის მისაღწევად, ეროვნული ბანკი ახორციელებს მაკროპრუდენციულ პოლიტიკას, რათა თავიდან აიცილოს სისტემური რისკების დაგროვება და, შესაბამისად, შეამციროს კრიზისის ალბათობა და გააუმჯობესოს ფინანსური სექტორის მდგრადობა. ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიმუშავა - ფინანსური სტაბილურობის ანგარიში და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2019 წლის 27 ნოემბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system