თავში

რამდენი ოჯახის გაზიფიცირება იგეგმება იმერეთში

რამდენი ოჯახის გაზიფიცირება იგეგმება იმერეთში
რამდენი ოჯახის გაზიფიცირება იგეგმება იმერეთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზესტაფონში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო. ნათია თურნავა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ზესტაფონის მერ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, სოფელ ზემო კლეეთსა და ტაბაკინში იმყოფებოდა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა სოფლის გაზიფიცირება მოხდეს, რაც ადგილობრივებს სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

მინისტრი ადგილობრივებსაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

„ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ გაზიფიცირებას მთელი საქართველოს მასშტაბით. სამწლიანი გეგმის ფარგლებში დამტკიცებული იყო 226 დასახლებული პუნქტი, მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, მოვახერხეთ დაფინანსების მოძიება და შედეგად 300-მდე დასახლებული პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. მათ შორის, იმერეთის მხარეში 60-მდე დასახლებული პუნქტი. მათ შორისაა პატარა სოფლები, როგორიცაა ტაბაკინი, ზედა კლდეეთი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიფიცირების 3-წლიან გეგმაში ცოტა ხნის წინ ცვლილება შევიდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 96 დასახლებული პუნქტით - 295-მდე გაიზარდა იმ დასახლებულ პუნქტთა რაოდენობა, სადაც სამი წლის განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კლდეეთში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აწარმოებს. ამავე პროექტში ასევე შედის სოფლები: ქვედა კლდეეთი, ტაბაკინი და თვრინი. ჯამურად, ოთხივე სოფელში 900 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება (ტაბაკინი 354 აბონენტი; ზედა კლდეეთი - 200 აბონენტი, ქვედა კლდეეთი - 216 აბონენტი, თვრინი - 92 აბონენტი). პროექტს კომპანია „გაზკონტრაქტი" ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის მარტში დასრულდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 079 919 ლარს შეადგენს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ შალამბერიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system