თავში

რას არ ეთანხმება ბიზნესომბუდსმენი შრომის უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტში

რას არ ეთანხმება ბიზნესომბუდსმენი
რას არ ეთანხმება ბიზნესომბუდსმენი შრომის უსაფრთხოების ტექნიკურ რეგლამენტში

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ახალი რეგულაციის შესახებ კონსულტაციები ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობდა და ტექნიკური რეგლამენტის საბოლოო პროექტში მათი შენიშვნები მნიშვნელოვნად ასახულია.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატმა „მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტის შესახებ 12 შენიშვნა მოამზადა, რომელთაგან უმრავლესობა ახალი რეგლამენტის პროექტში უკვე ასახული და ნაწილობრივ ან სრულად გათვალისწინებულია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, მთავრობის მიერ ბიზნესომბუდსმენის დასკვნის გათვალისწინების შედეგად, ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით დაკორექტირდა რეგლამენტის ამოქმედების ვადები. ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნა სრულად იქნა გათვალისწინებული მონიტორიან მოწყობილობებთან დასაქმებული პირის დამსაქმებლის მიერ სამედიცინო შემოწმებების წესთან დაკავშირებით და შედეგად, დამსაქმებელმა თანამშრომლის თვალის და მხედველობის დაცვის მიზნით, მხოლოდ დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მხედველობის შემოწმება. ბიზნესომბუდსმენის დასკვნის შესაბამისად, რეგლამენტიდან სრულად ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ხასიათის მოთხოვნა, რომელიც დასაქმებულს სამუშაოზე აყვანამდე ავალდებულებდა სამედიცინო შემოწმების გავლას და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის დამსაქმებლისთვის წარდგენას. რეგლამენტიდან ასევე ამოღბულ იქნა მოთხოვნა დასაქმებულის თვალსა და მონიტორზე გამოსახულ დეტალს შორის ხედვის დისტანციის 400-მილიმეტრიანი მოთხოვნის შესახებ. ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული და ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი სამუშაო სივრცის ადგილის მინიმალურ სავალდებულო მოცულობად ნაცვლად 4 კვადრატული მეტრისა, განისაზღვრა – 3. 

ამის მიუხედავად, ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ახალ ტექნიკურ რეგლამენტში მაინც რჩება ბიზნესისთვის კრიტიკული საკითხები.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროდირექტივა სამუშაო სივრცეში დამსაქმებლის მიერ განათებასთან, ხმაურთან და ტემპერატურასა და ტენიანობასთან დაკავშირებულ სავალდებულო მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, აღნიშნულ საკითხებზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის შენიშვნები მაინც არ იქნა გათვალისწინებული. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აგრძელებს მუშაობას რეგლამენტის დასახვეწად და ახალი რეგულაციის პროექტში ბიზნესისთვის დარჩენილი კრიტიკული საკითხების გადასაწყვეტად“, – აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

ახალი რეგულაციის ძალაში შესასვლელად ტექნიკური რეგლამენტის პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინოს.

„მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტი ეხება ყველა იმ სამუშაო ადგილს, სადაც დასაქმებული მონიტორიან დანადგარს იყენებს რეგულარულად, დღეში არანაკლებ ოთხი საათის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system