თავში

რას დაჰპირდა პრემიერი კახელებს

რას დაჰპირდა პრემიერი კახელებს
რას დაჰპირდა პრემიერი კახელებს

"2012 წელს კახეთში ჩაბარდა 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს - 278 000 ტონა ყურძენი და 2020 წელს ჩაბარდება 300 000 ტონა. ეს არის შრომის შედეგი, იმის შედეგი, რომ თქვენ კახელები, მოქალაქეები, მთავრობა, ჩვენ ყველა ერთად ვშრომობთ და ეს შრომა ხომ ამ ქვეყნისთვის გვინდა,"  - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახელ გლეხს წლევანდელი რთველი საამაყოდ ექნება.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის ედგა გვერდით ქართველ გლეხს, ქართველ ფერმერს. ამის დადასტურება იყო ყველა გასული წელი 2012 წლიდან და დადასტურება იქნება ეს რთველიც. ქართველ გლეხს, კახელ გლეხს წლევანდელი რთველი საამაყოდ ექნება. ისე როგორც დავაბინავეთ ატამი - დავაბინავებთ ვაშლს, მერე თხილს და მერე ციტრუსს. არც ერთი გოჯი მიწა ამ ქვეყანაში დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ერთად პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეს უნდა მივხედოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი გვაქვს საშრომი იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს მაგარი განათლების სისტემა შევუქმნათ. ჩვენი ბავშვები, რომლებიც საქართველოში განათლებას მიიღებენ აქედან რომ გავლენ სხვა ქვეყნის შვილებზე უფრო მაგრები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ნიჭიერები არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოხუცები, ღვაწლმოსილი პენსიონერები ღირსეულად ცხოვრობდნენ, მომსახურება ჰქონდეთ ჯანმრთელობის და სოციალური დახმარება ჰქონდეთ ნორმალური. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანღონით სავსე ადამიანებს სამართლიან გარემოში შრომის შესაძლებლობა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ოჯახები ღირსეულად არჩინონ,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ სწორედ ადამიანზე ზრუნვის მიზანმა მისცა ქვეყანას შესაძლებლობა, ვირუსიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესად ემართა.

„გზა, წყალმომარაგება და გაზი ჩვენი სოფლად და რაიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს. ბევრი წელია ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია. შიდა სოფლის გზებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ წყალი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა. ამიტომ, ხორნაბუჯსა და სამრეკლოში 2021 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება მოგვარდება. ბავშვები და სკოლები - რეაბილიტაციას ვაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თითქმის ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლა, ქვეყანაშია 3000-მდე სკოლა, თითქმის ყველა გასარემონტებელია. სამთაწყაროში, ახლა აშენდება ახალი სკოლა 300 ბავშვზე, მაჩხაანში მთავრდება. არ არის ეს საკმარისი. მთავარია, რომ იყოს სამართლიანობის შეგრძნება. ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ არავინ შეეხება მის ბარაქას და ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ამ ქვეყანას - დედოფლისწყაროსაც და საქართველოსაც. დიდი მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system