თავში

რას გამოიწვევს აუდიტის ფუნქციის დამატება ეროვნული ბანკისთვის

რას გამოიწვევს აუდიტის ფუნქციის დამატება ეროვნული ბანკისთვის
რას გამოიწვევს აუდიტის ფუნქციის დამატება ეროვნული ბანკისთვის

ეროვნული ბანკისთვის აუდიტის ზედამხედველობის ფუნქციის დამატებას პირველი კრიტიკული შეფასება უკვე მოჰყვა. ექსპერტულ წრეებში აცხადებენ, რომ აუდიტის ზედამხედველობის მოვალეობის მექანიკურად გადმოტანა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში რეალურად ვერანაირ დადებით შედეგს გამოიწვევს, გარდა იმისა, რომ ქვეყნის მთავარი ბანკი სხვადასხვა დეპარტამენტით და ფუნქციებით დაიტვირთება. ასე ფიქრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი, რომლის შეფასებითაც, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ორგანულ კანონს ეწინააღმდეგება.

,,ეროვნულ ბანკს ისედაც ბევრი მოვალეობა აქვს დაგროვილი და კიდევ დამატებითი ფუნქციის დამატება საკმაოდ დაუსაბუთებელი და გაურკვეველია. აუდიტის ზედამხედველობის ფუნქციას ფინანსთა სამინისტროც შესანიშნავად ართმევდა თავს, მისი დაუსაბუთებლად გადმოტანა ეროვნულ ბანკში, გაუგებარი გადაწყვეტილებაა, რით ხელმძღვანელობდა ხელისუფლება, არ გაუმჟღავნებია. არც განხილვის და შეფასების შესაძლებლობა იყო, მოულოდნელი ცვლილებაა, რომელიც ეროვნული ბანკის ორგანულ კანონს ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ სებ-ი დაიხუნძლა ფუნქციებით, მეგაკორპორაციად იქცა. თავიდან მიზნობრივ ინფლაციაზე კონტროლი ევალებოდა, მერე ბანკების ზედამხედველობის ფუნქცია დააკისრეს, მონეტარული პოლიტიკა და ბოლოს უკვე აუდიტიც, მეტისმეტია!  მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება ცუდად დაუბრუნდება", - განუცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა report.ge-ს.

ცნობისთვის, მთავრობას ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი უკვე მზადაა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს სებ-ის ქოლგის ქვეშ მოაქცევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system