თავში

რას გვპირდება ღარიბაშვილი ახალს

რას გვპირდება ღარიბაშვილი ახალს
რას გვპირდება ღარიბაშვილი ახალს

"ირაკლი ღარიბაშვილის ბიუროკრატიულ ქსელში გახვევა უკვე დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში 19.02.2021 წ. ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა იდენტურია და არც ერთი სიტყვით და არც ერთი პუნქტუაციის ნიშნითაც კი, არ განსხვავდება 18.12.2020წ. გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამისაგან. ეს კატასტროფაა," - ამის შესახებ პროფესორი, პოლიტიკური მოღვაწე და ეკონომისტი,  საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, მესამე და მეოთხე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი,  მიხეილ ჯიბუტი აცხადებს. 

მისი განმარტებით,  გახარიასა და ღარიბაშვილის მიერ პროგრამის წარდგენებს შორის გასულია ორ თვეზე ოდნავ მეტი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით, რომლის პროგნოზირება შეუძლებელი იყო ორი თვის წინ: დაწყებული ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველა ფორმალური თანამდებობის დატოვებით, შეზღუდული შესაძლებლობების პარლამენტით და ყველა პროგნოზირებული მაჩვენებლის დარღვევით ( როგორც 2020, ისე 2021 წლისათვის) დამთავრებული.

"ახალი პრემიერ-მინისტრი სწორედ პროგრამით აკეთებს განაცხადს , რომლის საფუძველზეც მტერიც და მოყვარეც იგებს თუ რა მოქმედებას უნდა ელოდოს სახემწიფოსაგან. კარგად ჩამოყალიბებული გზავნილები - ორიენტირია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის. ვთქვათ, უცვლელი პროგრამა შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც დეკემბერში მიღებული პროგრამის ერთგულება და გახარიას საქმიანობის მემკვიდრეობითობის დაცვა. მაგრამ, სად ჩანს არსებული სიტუაციის შეფასება? თუნდაც იმ პროცესის, რამაც გამოიწვია მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისა და პრემიერმინისტრის შეცვლის აუცილებლობა? ახალი პრემიერ-მინისტრის მიერ სადაა გახარიას საქმიანობის შეფასება, სადაც ნაჩვენები იქნებოდა მისი წარმატება და წარუმატებლობა, შესაბამისი დასკვნებითა და მოქმედების გეგმით. თუ ღარიბაშვილი უაპელაციოდ იღებს გახარიას მთავრობის ყველა შედეგს? 2019 წლის 26 ნოემბერს გიორგი გახარიამ გამოაცხადა პანდემიასთან ბრძოლის ორთვიანი "როგორმე თებერვლამდე მიღწევის პროგრამა". როგორია ამ პროგრამის შედეგი? ამ პროგრამის ქვეშ დაიხარჯა ასობით მილიონი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემოწირული 100 მილიონი ლარი. გახარიას მთავრობას მოწვეული ჰყავდა "მსოფლიო დონის ექსპერტები" და მათი ქართველი 19 "ასისტენტი ექსპერტი". როგორია ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები და შეაფასეს თუ არა „თებერვლამდე მიღწევის პროგრამა,"და რა მოსაზრებები გააჩნიათ მიმდინარე პროცესებზე? მათ არ წარმოუდგენიათ, თუ არ ასახულა მათი მოსაზრებები სამთავრობო პროგრამაში?" - კითხულობს ჯიბუტი. 

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს. ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს. დღესვე პარლამენტში დღეს განიხილავენ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, დოკუმენტში ასევე გამახვილებულია ყურადღება ოკუპაციაზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, კოვიდპანდემიასა და ადამიანის უფლებებზე.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი დღის წესრიგი ასეთია: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მისი კაბინეტის წევრები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ამის შემდეგ კი რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად, მინიმუმ, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system