თავში

რას ითხოვს ავიაციის სექტორი მთავრობისგან

რას ითხოვს ავიაციის სექტორი მთავრობისგან
რას ითხოვს ავიაციის სექტორი მთავრობისგან

საქართველოს ავიაცია შეზღუდვების მოხსნას ელოდება და იმ საჭიროებებზე საუბრობს, რაც პირველ ეტაპზე ავიაკომოპანიებს საქმიანობის დასაწყებად დასჭირდებათ. როგორც ავიაციის სფეროს ექსპერტი, იასე ზაუტაშვილი report.ge-თან განმარტავს, აუცილებელია, შეღავათი დაწესდეს ფრენებისთვის აუცილებელი ხარჯის შესამსუბუქებლად, საჭიროების შემთხვევაში, საწვავზე ხელმისაწვდომობა გამარტივდეს, შემცირდეს ან გადავადდეს მოსაკრებელი და სხვა, რაც მიმდინარე ხარჯია, რომელსაც ავიაცია დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ გაუმკლავდება.

,,ყველა ყურადღებით ველოდებით, რომ რეისების გახსნასთან დაკავშირებით ნებართვა გაიცეს. ავიაციის სექტორში ე.წ. ,,მაღალი სეზონი" იწყება აპრილის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე, ეს არის ის პერიოდი, როცა დარგი ყველაზე დიდ შემოსავალს იღებს, ვიდრე ,,დაბალი სეზონის" განმავლობაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად განახლდეს ფრენები, ჩარტერული რეისები სხვადასხვა მიმართულებით გაიხსნას და მიეცეს რეგულარული სახე, რომ ადამიანებმა შეძლონ ფრენების დაგეგმვა, დაჯავშნონ ბილეთები, პირველ ეტაპზე, ზამთრის შემდეგ ავიაციამ უნდა გამოიღვიძოს და მიეცეს კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა. ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობას მართებს, ხელი შეუწყონ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ამისთვის დეტალურად შეისწავლონ, რა პრობლემაა და ხელი შეუწყონ, რომ შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა მთელი სეზონის განმავლობაში. შესაძლებელია  საწვავის მიწოდებაში დაეხმაროს სახელმწიფო კომპანიებს, რათა საშუალება ჰქონდეთ, ხარჯი შემდეგში დაფარონ, როცა სახსრები გაუჩნდებათ,  მაქსიმალურად შემცირდეს ქართული ავიაკომპანიების მოსაკრებლები, ასევე სანავიგაციო სამსახურებმაც გარკვეულ პერიოდში შეამცირონ მოსაკრებელი. აუცილებელია ასევე, ლიზინგის ხარჯი გარკვეულ პერიოდში გაიყინოს ან შეამცირონ, რომ დარგს ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს. საშემოსავლო ან ქონების გადასახადების შემცირება კარგია, მაგრამ ამავდროულად მიმდინარე ხარჯთან დაკავშირებითაც უნდა დაწესდეს შეღავათი, ავიაციას ჰაერივით სჭირდება მხარდაჭერა", - აცხადებს იასე ზაუტაშვილი.

ცნობისთვის, ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენის შემდეგ ავიამიმოსვლის პროცესი მკაცრად გაკონტროლდება.

„იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ თებერვალი სავარაუდოდ იქნება ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნის. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონტროლირებადი. ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით და სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი“, - აღნიშნა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system