თავში

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებით

რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებით
რას კარგავს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის დაპაუზებით

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის გადავადებამ საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს დააკარგვინა შესაძლებლობა ჩამოყალიბებულიყო, რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის რეალურ ალტერნატივად. ასე ფიქრობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კცვლევის ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი.

მისი განმარტებით, იმ ვითარებაში, როცა ჯერ კიდევ „სიცოცხლის უნარიანად“ განიხილებოდა ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, კასპიის ზღვის აღმოსავლეთით განლაგებულ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს დამატებითი სტიმული მიეცათ, კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო დერეფნების ფორმირებისათვის: საკუთარ ტერიტორიებზე, თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, განეხორციელებინათ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები; ასე მაგალითად, თურქმენეთმა კასპიის ზღვის გასწვრივ, ავღანეთთან და პაკისტანთან ერთად დაიწყო „ლაპისლაზური“ დერეფნის ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

"უფრო მეტიც, როცა ანაკლიის ირგვლივ, ქვეყნის შიგნით, ტვირთნაკადების და საფინანსო გარანტიების არარსებობის მოტივით, პოლიტიკურ დონეზე, ჯერ კიდევ მკაფიოდ არ იყო გამოკვეთილი პროექტის „ტორპედირების“ წინაპირობები, მეზობელი ქვეყნები კასპიის ზღვაზე აქტიურად ახორციელებდნენ ხუთი მნიშვნელოვანი ნავსადგურის მშენებლობა - გაფართოებას, რითაც, ანაკლიის პროექტის განხორცილების შემთხვევაში, ეს ქვეყნები ქმნიდნენ საფუძველს სინქრონულად წონასწორობაში მოეყვანათ შავ და კასპიის ზღვაზე სანავსადგურე სიმძლავრეები. მაგალითად, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში ექსპლუატაციაში შევიდა ახალი, ალიათისა და კურიკის ნავსადგურები; ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა არსებული, ბაქოს, აქტაუს და თურქმენბაშის ნავსადგურთა გამტარუნარიანობა. არსებულ ვითარებაში, როცა აქტაუს და ალიათის ნავსადგურები ყოველწლიურად აუმჯობესებენ ტვირთნაკადების გადამუშავების მაჩვენებლებს, შავი ზღვის საქართველოს მონაკვეთზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის შეჩერება იმპულსს აძლევს ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო გადაზიდვების განხორციელებას ყაზახეთის გავლით, ტრანსციმბირული მაგისტრალის გამოყენებით. გარდა ამისა, კასპიის ზღვაზე ახალი სიმძლავრეების შექმნის პარალელურად, საერთო სქემიდან ანაკლიის ამოვარდნა დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს ვოლგა - რუსეთ - ირანზე გამავალ ჩრდილოეთ - სამხრეთ სატრანსპორტო დერეფანს (დონის არხზე გასვლით), რომლის საპირწონედ განიხილებოდა ანაკლიის ნავსადგური. ფაქტიურად, საქართველოს მთავრობის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ ანაკლიის პროექტის „ტორპედირების“ შესახებ, „დერეფნის“ მეზობელი სახელმწიფობის მიერ საპორტო ინფრასტრუქტურაში განთავსებული ინვესტიციები დაბალი ფინანსური უკუგების მატარებელი გახადა, რამაც საქართველო, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე წარმოაჩინა ნაკლებ საიმედო პარტნიორად სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში," - ამბობს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ  ანაკლიის ნავსადგურის პროექტის შეჩერება, ბუნებრივია რუსეთს აძლევს დამატებით შესაძლებლობას ბელორუსი - რუსეთი - ცენტრალური აზიის ღერძის გამოყენებით, დაუბრკოლებლივ გადაანაწილოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში წარმოქმნილი ტვირთნაკადები საკუთარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით. მისივე განმარტებით, ანაკლიის ნავსადგურის შემთხვევაში კი პოლონეთს უჩნდებოდა ალტერნატივა, რუსეთ - ბელორუსიის მუდმივად გადატვირთული სასაზღვო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ანაკლიის გამოყენებით, ცენტრალურ აზიაში და ჩინეთში „რევერსული“ ტვირთები მიემართა კრაკოვ - კონსტანცას ან კატოვიცე - ოდესის მიმართულებებით. ამავე სქემაში ეწერება რუმინეთი - შავ ზღვის დასავლეთით განლაგებული უმსხვილესი კონსტანცის ნავსადგურით.

"პერსპექტივაში ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წარმოქმნილი დამატებითი ტვირთნაკადი, ანაკლიის ნავსადგურს მისცემდა შესაძლებლობას, კონსტანცის ნავსადგურის გამოყენებით სარკინიგზო - საავტომობილო საბორნე განვითარებისათვის. ანაკლიის პროექტის შეჩერებით, საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან ანაკლიის გავლით მოეზიდა „რევერსული“ ტვირთნაკადი. ცენტრალური აზიის საექსპორტო პროდუქციის მოზიდვისათვის, ანაკლიის ნავსადგურს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა უზბეკეთისთვის, რომელიც მსოფლიოში ბამბის ბოჭკოს ექსპორტით მეოთხე სახელმწიფოა, ისევე როგორც ყაზახეთისათვის მისი მინერალური სასუქით და ქვანახშირით, თურქმენთისთვის ნავთობგადამუშავებული პროდუქციით. სადღეისოდ, ცენტრალური აზიის ექსპორტი, რუსეთის რკინიგზების გავლით, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვებიდან რუსეთის ნავსადგურებში გადაიზიდება. შედეგად, რუსეთის პოლიტიკა თვალნათელია და გაცხადებული: საკუთარი სატრანსპოტო დერეფნების და ნავსადგურების გამოყენებით, დაეუფლოს ცეტრალური აზიის ყველა სტრატეგიულ ტვირთნაკადს, რისთვისაც გეგმაზომიერად ავითარებს შავ ზღვაზე ნოვოროსიისკის ღრმაწლოვან ნავსადგურს, აზოვის ყურეში - ტამანის ნავსადგურს, კასპიის ზღვაზე - ლაგანის ნავსადგურს, ბალტიის ზღვაზე - უსტ - ლუგის და სანკტ-პეტერბურგის ნავსადგურებს. ანაკლიის ნავსადგურის გაურკვევლი ვადით შეჩერება, ბუნებრივია, რუსეთს საშუალებას აძლევს ცენტრალური აზიის ყველა ტვირთნაკადს დაეუფლოს, და, უფრო მეტიც, მყარად „დაამკვიდროს“ საკუთარ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლის გადმორთვა, შავ ზღვაზე კონკურენტი ანაკლიის პროექტის გაჭიანურების პირობებში, ახლო პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება," - ამბობს ლოგისტიკისა და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი

მისი მტკიცებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის გაურკვევი ვადით შეჩერება რუსეთს აძლევს საშუალებას, დაეუფლოს ცენტრალური აზიის სტრატეგიულ ტვირთნაკადებს და მიმართოს საკუთარი სატრანსპორტო დერეფნებით და ნავსადგურებით.

კითხვაზე, რა შესაძლებობები გაუშვა უშუალოდ საქართველომ ანაკლიის ნავსადგურის და ანაკლია სიტის გაჩერებით, ექსპერტის პასუხი მარტივია: პირველ რიგში დაიკარგა, დეფიციტური თანამედროვე ტექნოლოგოგიების ცოდნით აღჭურვილი სამუშაო ადგილები, ასევე დაიკარგა შანსი, ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე ყოფილიყო მეტად დივერსიფიცირებული. 

"თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი პერსონალის არსებობის ან ევროპის ბაზრისთვის შეთავაზების შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებაში ჩამოაყალიბდებოდა პერსექტივის განცდა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე. ყოველივე ეს კი ევროპის საერთო კეთილდღეობაში, საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვან კონტრიბუციად აღიქმეოდა. ანაკლიის ნავსადურის და ანაკლია სიტის გაჩერებით, საქართველომ, ევროკავშირთან ინტეგრირების და საკუთარი ეკონომიკის განვითარების კუთხით დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ანაკლიის ნავსადგურის გაურკვეველი ვადით გადავადება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში ამარიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე, რადგანაც საქართველოს საინვესტიციო ბაზრიდან ამერიკელი Conti Group და SSA Marine გასვლა ამერიკელი ინესტორებისათვის და ევროპაში მათი ფილიალებისათვის აღიქმება ძალზე ნეგატიურ სიგნალად ივესტიციების განთავსებასა და დაცულობასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, ამის გამო, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შეიმუშაონ ახალი სტრატეგია, რაც უარყოფითად იმოქმედებს პირველ რიგში ლოგისტიკის სფეროში ინვესტიციათა მოზიდვაზე. შესაბამის რეიტინგში, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ისედაც მხოლოდ 119 -ე ადგილი უკავია. ანაკლია-სიტის ფუნქციონირებაში გათვალისწინებული ე.წ. ,,ინგლისური კანონმდებლობის“ ჩაშლა უარყოფითად იმოქმედებს დასავლეთ - აღმოსავლეთ ნაოსნობაში დომინირებული შვეიცარიული - დანიური ლოგისტიკური თუ სანაოსნო კომპანიების შემოსვლაზე საქართველოს იურისდიქციაში . ანაკლიის ნავსადგურის შეჩერება ასევე უარყოფიდად იმოქმედებს ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე და ლოგისტიკის სფეროში განთავსებაზე. ბუნებრივია, ანაკლიის ნავსადგურის პროექტის „ბლოკირებას“ სახელმწიფოს მხრიდან გააჩნდა გარკვეული ობიექტური წინაპირობები, რომელთა შორის შესაძლოა ერთ - ერთი ფაქტორის გამოყოფა, "- გვიხსნის ექსპერტი. 

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან ანაკლიის ნავსადგურის პროექტის „ბლოკირება“ შედეგად იწვევს საქართველოზე გამავალი დერეფნის მიმზიდველობის დაქვეითებას, რეგიონში წარმოქმნილი სტრატეგიული ტვირთნაკადების რუსეთზე გამავალი დერეფნებით გადაზიდვის ხანგრძლივი ვადით დამკვიდრებას, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის შელახვას და ქვეყნის ლოგისტიკურ სისტემებში უცხოური ინვესტიციების შემცირებას. 

ცნობისთვის, ანაკლიის ნავსადგურის, როგორც რეგიონში გლობალური მოთამაშის დანიშნულება, თავიდანვე მკაფიოდ გაცხადდა: აფრიკიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან წამოსულ მაღალი წყალწყვის გემებს დაუბრკოლებლივ შესძლებოდათ სუეცის არხის და სპარსეთის ყურის გავლით გადასულიყვნენ ხმელთაშუა ზღვაში და შემდგომ, ისევე როგორც, ნებისმიერი ევროპის ნავსადგურიდან შემოსული გემები, გადატვირთვის ოპერაციის გარეშე მოხვედრილიყვნენ შავ ზღვაში. ხოლო იმ ვითარებაში, თუ ტვირთების გადაზიდვა გამიზნული იქნებოდა აღმოსავლეთის - აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის, ავღანეთის და პაკისტანის მიმართულებით, - შავი ზღვის აღმოსავლეთით განთავსებული ღრმაწყლოვანი ანაკლიის ნავსადგური იქცეოდა ტვირთნაკადების გადანაწილების ყველაზე მიმზიდველ და ოპტიმალურ წერტილად.

ცაგარეიშვილის განმარტებით, ანალოგიურ დატვირთვას შეიძენდა ანაკლიის ნავსადგური აღმოსავლეთიდან, ძირითადად ჩინეთიდან მომავალი ტვირთებისათვის: ანაკლიას, როგორ ერთ - ერთ მნიშვნელოვან საყრდენ წერტილს, დაემატებოდა კასპიის ზღვაზე სინქრონულად მშენებარე ყაზახეთის, თურქმენეთის და აზერბაიჯანის ახალი სანავსადგურე სიმძლავრეები, რაც ჩინეთის ტვირთებისათვის წარმოქმნიდა თანამედროვე სატრანსპორტო დერეფნის კარკასს, რომელიც ერთობლიობაში გახდებოდა რუსეთზე გამავალი დერეფნის მყარი ალტერნატივა.

ყველაფერს ანაკლიის პორტის შესახებ გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system