თავში

რას მისცემს საზღვაო ბიზნესს საგადასახადო შეღავათები

რას მისცემს საზღვაო ბიზნესს საგადასახადო შეღავათები
რას მისცემს საზღვაო ბიზნესს საგადასახადო შეღავათები

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო საზღვაო ბიზნესის განვითარებისათვის საგადასახადო შეღავათებს აწესებს

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ქვეშ საზღვაო ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება - ქონების, მოგების, დივიდენდებსა და საშემოსავლო გადასახადებზე.

სპეციალისტები გადაწყვეტილებას ცალსახად დადებითად აფასებენ.

HUB Georgia-ს ექსპერტის, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის, პაატა ცაგარეიშვილის განმარტებით, საქართველო თავის იურისდიქციაში და საგადასახადო სივრცეში, შეუზღუდავი რაოდენობის კომპანიების დარეგისტრირების რესურსს ფლობს, მაგრამ საერთაშორისო გემთმფლობელები (სანაოსნო კომპანიები) არ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ამის მიზეზი კი სხვა ქვეყნების მიერ უკეთესი, ბიზნესზე ორიენტირებული საგადასახადო კანონმდებლობის შეთავაზებაა.

"ბუნებრივია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც გემთმფლობელი, რომელსაც კონკრეტული ქვეყნიდან კომპანიის დარეგისტრირება და გემის მართვა სურს, დგას ალტერნატივების წინაშე - დაარეგისტრიროს კომპანია მოწინავე ევროპულ საზღვაო ქვეყნებში ან ოფშორულ იურისდიქციებში, თუ საქართველოში. საერთაშორისო საზღვაო რეისების განმახორციელებელ გემთმფლობელებს, საქართველოს გარდა თითქმის ყველგან გარკვეული საგადასახადო შეღავათები აქვთ დაწესებული, ან სრულად განთავისუფლებული არიან გადასახადებისაგან, საქართველოში დღემდე ასეთი შეღავათები არ არსებობდა. შედეგად, საქართველოში რეგისტრირებული გემთმფლობელების რიცხი მცირეა, რომლებიც ფლობენ მსხვილტონაჟიან საერთაშორისო რეისების განმახორციელებელ გემებს, “ - განუცხადა report.ge-ს პაატა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა საგადასახადო შეღავათები, ქართული დროშით ძირითადად თევსაჭერი გემები და იახტები რეგისტრირდებოდა.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, 2019 წელს 23 გემიდან 5 შორეულ ნაოსნობაში, ხოლო 18 შიდა ნაოსნობაშია დარეგისტრირებული, რაც, ექსპერტის განმარტებით, მეზღვაურების დასაქმებაზეც აისახება. ცაგარეიშვილი გვეუბნება, რომ 2018 წელს 13 306 დარეგისტრირებული მეზღვაურიდან მხოლოდ 23%, ანუ 3 136 მეზღვაურია სახვადასხვა გემებზე დასაქმებული.

"პრაქტიკულად, უცხოელი გემთფლობელების მხრიდან ქართული დროშის მიმართ, პირველ რიგში საგადასახადო შეღავათების არარსებობის გამო მიმზიდველობა დაბალია, შედეგად ქართული დროშის ქვეშ არ დაცურავს გემების საკმარისი რაოდენობა, იმისათვის რომ ქართული დროშა გემების ინსპექტირების შედეგებით მოხვდეს პარიზის მემორანდუმის ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის (Paris MOU on Port State Control) თეთრ სიაში, რომელიც ითვლება დროშის ადმინისტრაციის უმაღლეს შეფასებად. პარიზის მემორანდუმის 2020 წლის მონაცემებით, სად არიან ჩვენი მეზობლები? თურქეთი 25-ე ადგილს იკავებს, რუსეთი - 37, ყაზახეთი - 48, აზერბაიჯანი - 50, ირანი - 51, უკრაინა - 65, მოლდოვა კი 67. საქართველო ამ სიაში, როგორც აღინიშნა, არ ფიგურირებს, მაგრამ საგადასახადო შეღავათების დაწესებამდე ქვეყანამ დანერგა დროშის სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ დირექტივა, რაც ნიშნავს რომ საქართველო შორეულ ნაოსნობაში მხოლოდ ევროკავშირის მიერ აღიარებულ საკლასიფიკაციო მოთხოვნებს ეყრდნობა," - გვიხსნის ექსპერტი და დასძენს, რომ მთავრობის შემდგომი ნაბიჯი ქართული დროშის პრესტიჟის ასამაღლებლად, სატონაჟო საგადასახადო სისტემის დანერგვა უნდა იყოს.

"სატონაჟო საგადასახადო სისტემის დანერგვა განკუთვნილია გემთმფლობელებისათვის, დამფრახტველებისთვის და გემის მმართველი კომპანიებისათვის. აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს გარკვეული ტონაჟის ფარგლებში ფიქსირებულ გადასახადს; კერძოდ, საქართველოში შემოვა სატონაჟო სისიტემა, რომელიც გულისხმობს გემთმფლობელების არა მოგება-წაგებაზე ორიენტირებას, არამედ გემების ტონაჟით დაბეგვრას," - გვიხსნის ექსპერტი.

ცნობისთვის, საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება. იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, იკითხეთ report.ge.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system