თავში

რას მოხმარდება დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი

რას მოხმარდება დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი
რას მოხმარდება დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა. 

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ბიუჯეტის 33% - 350 მილიონი ლარი მთლიანად მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

„მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღწევს და ცოტა გადაცდება კიდევაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის ოდენობა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოყო, ჯამში 225 მილიონი ლარი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარებაა თბილისისთვის, რადგან კარგად იცით, რომ მძიმე წელი ჰქონდა ქვეყანას და მსოფლიოს პანდემიის გამო. შემოსავლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან კრიტიკული იყო ასეთი ტიპის დახმარება. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო მეტად დაიგეგმა ბიუჯეტის კუთხით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, გაიზარდა მერიის ბიუჯეტიც. ჩვენი ბიუჯეტის 33% მთლიანად მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს, რაც დაახლოებით, 350 მილიონი ლარი იქნება. ეს 21 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის ამ მიმართულების ხარჯებთან შედარებით.

ასევე მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. ეს არის 356 მილიონი ლარი. განხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თემქის ხევის და ვარკეთილის ხევის პარკების მოწყობა, ასევე ვგეგმავთ, რომ ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციაც დავიწყოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჭაბუა ამირეჯიბისა და ყოფშიძის ქუშის დამაკავშირებლად სრულიად ახალი კვანძი მოეწყობა, რაც იქ არსებული ნაკადების განტვირთვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ხმალაძემ.

დედაქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ თბილისის თავდაპირველმა ბიუჯეტმა კრიტიკის ქარცეცხლი გაიარა, თუმცა, თბილისი 840 მილიონი ლარის ამარა არ რჩება და მისი ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება.

„პირველ ეტაპზე საკრებულოში ბიუჯეტი 840 მილიონი ლარის ოდენობით წარვადგინეთ. სამწუხაროდ, ყოველწლიურად ერთიდაიგივე პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხდება კრიტიკის შეტევა მერიის პირველად ბიუჯეტზე, რომელიც, რა თქმა უნდა, შემცირებული ოდენობითაა, თუმცა, შემდგომში სრულდება მოლაპარაკების პროცესი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საბოლოო რედაქცია მიდის საკრებულოში. ვხედავთ, რომ 2021 წელს თბილისი არ იქნება მხოლოდ 840 მილიონის იმედად და ეს თანხა 1 მილიარდ 100 მილიონი იქნება. ახლა ოპოზიციასაც შეუძლია გაეცნონ ჩვენს პრიორიტეტებს. მზად ვართ, საკრებულოსთან ერთად გავმართოთ განხილვები და საბოლოოდ მივიღოთ მათი პოზიცია და თანხმობა ბიუჯეტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხმალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system