თავში

რას მოხმარდება თბილისის 1.300-მილიარდიანი ბიუჯეტი

რას მოხმარდება თბილისის 1.300-მილიარდიანი ბიუჯეტი
რას მოხმარდება თბილისის 1.300-მილიარდიანი ბიუჯეტი

"2020 წლის თბილისის ბიუჯეტი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. არის ორი ძირითადი მიმართულება - ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; ასევე, დაწყებულია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე, გაზაფხულზე სრულდება; 2020 წელს განხორციელდება საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი; იგეგმება აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია.

„არ შემიძლია, არ შევეხო გამგეობების მიმართულებებს. ბიუჯეტი ამ შემთხვევაშიც, გაზრდილი იქნება, რათა გამგეობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ რაიონებში იმაზე მეტი პროექტი განახორციელონ, ვიდრე აქამდე განხორციელებულა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ თანხებს, საბიუჯეტო ხარჯები დაახლოებით, იმავე დონეზე შენარჩუნდება. კერძოდ, თუ ის 2019 წელს 336 მილიონს შეადგენდა, მისი ოდენობა მომავალ წელს 338 მილიონი იქნება. ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით კი მთლიანი ხარჯები ავტობუსების ჩანაცვლების ჩათვლით, წლევანდელი ხარჯებისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მობილიზებული რაიონების მასშტაბით. გამგეობების დაფინანსება საგრძნობლად გაიზრდება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ რაიონების, მათ შორის, გარეუბნების დონეზე, 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი საგზაო და კეთილმოწყობის ღონისძიებები შესრულდეს. ასევე, დაახლოებით, 15-16 მილიონით გაიზრდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება.

თბილისის მერიის მიერ ინიცირებული მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 20 მილიონი იქნება, თუმცა მას ავტობუსებისთვის განკუთვნილი თანხა და გარდამავალი ნაშთი ემატება.

2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დედაქალაქის საკრებულო მომავალი თვიდან დაიწყებს. დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ და არსებული შენიშვნები წარმოადგინონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system