თავში

რას ნიშნავს პორტის ღრმაწყლოვნება და რა პოტენციალია შავ ზღვაზე

რას ნიშნავს პორტის ღრმაწყლოვნება და რა პოტენციალია შავ ზღვაზე
რას ნიშნავს პორტის ღრმაწყლოვნება და რა პოტენციალია შავ ზღვაზე

ეკონომიკის მინიტრის ნათია თურნავას განცხადებით, შავ ზღვაზე ნებისმიერი თანამედროვე ტიპის პორტი იქნება ღრმაწყლოვანი.

მისივე განმარტებით, ღრმაწყლოვანი არის ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე არის 10 მეტრზე მეტი. შესაბამისად, მინისტრის თქმით, ტერმინ ღრმაწყლოვანის პოლიტიზირება და მისთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება აწყობდა იმას, ვინც ამით საკუთარ წარუმატებლობას ფარავდა.

„დღევანდელ დღეს ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე პანამქსის ტიპის ხომალდებს, რომელსაც 65 ათას ტონაზე მეტი ამწეობის შესაძლებლობა აქვს, ასეთი პორტი უნდა იყოს ღრმაწყლოვანი. ეს არის ნებისმიერი პორტი, სადაც სიღრმე აკვატორიის არის 10 მეტრზე მეტი. დღესდღეობით ფოთის მოქმედი პორტი და მისი აკვატორია არის, დაახლოებით, საშუალოდ რომ ვთქვათ, 8 მეტრის სიღრმის, თუმცა გარკვეული ადგილები არის 10-მეტრიანი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება აქ, მათ შორის, რიონის დელტაში, უნდა იყოს უფრო თანამედროვე სტანდარტის და უნდა იყოს 10 მეტრზე მეტი სიღრმის. ის ფაქტი, რომ თუნდაც „პეისის“ პროექტი და ალბათ, მომავალში „ეიპიემ ტერმინალსის“ პროექტი, ორივე ამ გაგებით ღრმაწყლოვანია, ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს ვითარდება, იმისთვის, რომ იყოს კონკურენტული. ამიტომ თვითონ ამ ტერმინის, ღრმაწყლოვანი, პოლიტიზირება, რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ამისთვის მინიჭება, ალბათ, აწყობდა იმას, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა. ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ნებისმიერი თანამედროვე პორტი შავ ზღვაზე, ალბათ, იქნება ამ გაგებით ღრმაწყლოვანი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

წარუმატებლობაში მინიტრმა ანაკლიის კონსორციუმი იგულისხმა, რომელსაც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა.

დღეს ნათია თურნავამ უკვე მეორედ განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის კონსორციუმთან პორტის მშენებლობაში თანამშრომლობის აღდგენას არ გეგმავს. მან კონსორციუმის ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა ჯერ კიდევ 14 მაისს გამორიცხა, როცა კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს.

9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system