თავში

რას პასუხობს "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის მაცხოვრებლებს

რას პასუხობს "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის მაცხოვრებლებს
რას პასუხობს ჯორჯიან მანგანეზი შუქრუთის მაცხოვრებლებს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფელ შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია შუქრუთის მოსახლეობას მოლაპარაკების გაგრძელებას მოუწოდებს.

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა. აღნიშნულს წინ უძღოდა კომპანიასა და მოსახლეობას შორის არაერთი შეხვედრა, სადაც პრობლემური საკითხების განხილვა მოხდა, მათ შორის, გუშინ აქციის მონაწილეებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მოლაპარაკებისკენ მოუწოდა, რაზეც მათგან უარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთში პრობლემურ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს (შუქრუთი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელთა ქვეშ საბჭოთა პერიოდში მადანგამომუშავება მიმდინარეობდა და მას შემდეგ ის ძველი მაღაროები მიტოვებულია). კომპანიის მიერ სპეციალური კომისია მაინც შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაიწყო, პარალელურად კი დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი – „საინჟინრო კვლევების ცენტრი“ დაიქირავა, რომლის დასკვნითაც შუქრუთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანება „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ის საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით იყო გამოწვეული; ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ სრულად იყო კომპენსირებული, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, კვლევის დასრულებისას „საინჟინრო კვლევების ცენტრი“ დასკვნაში კონკრეტულ მიზეზებსაც ასახავს და იმასაც, თუ რამდენად ექვემდებარება დაზიანებული სახლები შეკეთებას. კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ სახლები 90-იანი წლების დასაწყისში სოფელი შუქრუთი მიწისძვრამაც დააზარალა და მაშინ მოსახლეებზე შესაბამისი კომპენსაციები სახელმწიფომაც გასცა. "ჯორჯიან მანგანეზის" ცნობით, კომპენსაციები იმ დათქმით გაიცა, რომ მიღებული თანხით მოსახლეები ალტერნატიულ საცხოვრებელს ალტერნატიულ ტერიტორიაზე შეიძენდნენ, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა კომპენსაცია მიიღო, მაგრამ ტერიტორია არ დაუტოვებია. მიუხედავად ამისა, კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები გაითვალისწინეს და სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივებს სხვადასხვა ინიციატივა შესთავაზა. კერძოდ: ალტერნატიული საცხოვრებლის შეძენა და გადაცემა საკუთრებაში რაიონის ფარგლებში, მათ შორის ქალაქ ჭიათურაში, ან არსებული სახლ-კარის გამოსყიდვა და თანხის მათი შეხედულებით გამოყენება.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლოებას შესთავაზა, კერძო აუდიტორული კომპანიები თავად მოეძიებინა, დაეკვეთა მათთვის ქონების შეფასება და აღნიშნულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაც დამოუკიდებლად ეწარმოებინა, ხოლო მომსახურების საფასურს „ჯორჯიან მანგანეზი“ დაფარავდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“, შუქრუთის მცხოვრებლებისთვის კომპენსაციების გაცემის თაობაზე ამ სააუდიტო კომპანიების დასკვნის საფუძველზე მზაობა გამოთქვა“, – აცხადებენ კომპანიაში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ცნობით, ადგილობრივებმა ეს წინადადება მიიღეს და თავად დაიქირავეს ორი სხვადასხვა აუდიტორული კომპანია, თუმცა შეუთანხმებლობის გამო, ერთ-ერთთან მოლაპარაკება თავიდანვე შეწყვიტეს, მეორემ კი მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა თითქმის სრულად შეისწავლა, თუმცა, სამუშაოს დასრულების დასკვნით ეტაპზე, შუქრუთის მოსახლეობას უთანხმოება აღნიშნულ აუდიტორულ კომპანიასთანაც მოუხდა და ურთიერთობა მასთანაც გაწყვიტეს.

კომპანია კვლავ მზად არის, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოსახლეობასთან დაწყებული მოლაპარაკება კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძოს, რაც მათ მიერვე გაჟღერებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას ეხება. ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ და საწარმოს შესაძლებლობა მისცენ, თავისი საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოს. „ჯორჯიან მანგანეზს“ სამეწარმეო საქმიანობის და კომერციული მიზნების გარდა, სახელმწიფოს და მესამე პირების წინაშე არაერთი ვალდებულება გააჩნია, რომელთაგან ნებისმიერის შეუსრულებლობა კომპანიას მნიშვნელოვნად აზარალებს, ეს კი როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტზე, ასევე კომპანიაში დასაქმებული და კონტრაქტორი არაერთი პირის შემოსავლებზე უარყოფითად აისახება," - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, გუშინ ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლებმა "ჯორჯიან მანგანეზის" მაღაროს შესასვლელი გადაკეტეს და კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის" მძიმეწონიანმა მანქანებმა მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაბზარულია კედლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system