თავში

რას უკავშირდება ეკონომიკის 18.7 პროცენტით გაზრდა?

რას უკავშირდება ეკონომიკის 18.7 პროცენტით გაზრდა?
რას უკავშირდება ეკონომიკის 18.7 პროცენტით გაზრდა?

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2021 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდა გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი დეტალურად განმარტავს, კონკრეტულად რა ფაქტორებს უკავშირდება 2021 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის 18.7 პროცენტით გაზრდა.

„2021 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 18.7 პროცენტით, აქედან გამომდინარე, ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 12.7 პროცენტი. ყველას გვახსოვს, რომ 2020 წლის ივნისში სახეზე გვქონდა ეკონომიკის 7.7-პროცენტიანი ვარდნა, აქედან გამომდინარე, ამაზე გავლენა მოახდინა რასაკვირველია, საბაზისო ეფექტმა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც გაიზარდა, დაახლოებით 9.5 პროცენტით. 2021 წლის ივნისში ზრდა გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და საწყობების, სასტუმროების, რესტორნებისა და მშენებლობის სექტორებში.

2021 წლის იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 25 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 28 პროცენტით. იმპორტის მოცულობა გაიზარდა 19 პროცენტით. აღსანიშნავია ისიც, რომ უშუალოდ 2021 წლის ივნისში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 30 პროცენტით, ხოლო იმპორტი 38 პროცენტით. ექსპორტის საერთო მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეროშენადნობებმა, მსუბუქმა ავტომობილებმა, ასევე ღვინის, მინერალური წყლების ექსპორტმა ძირითადად აშშ-ის, ჩინეთის და მეზობელი ქვეყნების მიმართულებით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში ზრდა ძირითადად დაკავშირებულია ნავთობპროდუქტების და მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფებთან. გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4 900-მდე ახალი საწარმო, რაც 13 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25 პროცენტით არის გაზრდილი. 38 პროცენტით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 9 136 000 000 მილიონ ლარს გადააჭარბა (ან 9 მლრდ ლარს გადააჭარბა).

რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 3-ჯერ და მეტად არის გაზრდილი ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. ზრდის მიზეზად სახელდება ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, ტანსაცმლის და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების მოცულობის გაფართოება.

12 პროცენტით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი. 2-ჯერ და მეტად არის გაზრდილი ასევე მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობასთან, დაახლოებით 44-45 პროცენტით გაიზარდა შესაბამისი საქმიანობით დაკავებული კომპანიების წმინდა შემოსავლები.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო ტრანსპორტი ფუნქციონირებასთან, ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყიბებასთან, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სამგზავრო ტრანსპორტში, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო მიმართულებით. ვაჭრობის სექტორში ზრდის ტენდენციები დაკავშირებული იყო ავტომობილებით და მათი ნაწილებით ვაჭრობის ზრდასთან.

34 პროცენტით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, ფარმაცევტული საქონლით, ნავთობროდუქტებით, სამშენებლო მასალებით, კომპიუტერებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულმა სექტორმა სერიოზული დარტყმა მიიღო პანდემიის შედეგად. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ საბაზისო ეფექტს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად ამისა, შემოსავლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა. ასევე როგორც მოგეხსენებათ, გაიზრდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. თუ გასული წლის ივნისში აღნიშნული მაჩვენებელი 38 000-ს არ აღემატებოდა, მიმდინარე წლის ივნისში გახლავთ 147 000-ის ფარგლებში. თუმცა ისიც გახსოვთ, რომ 2019 შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 700 000 აღემატებოდა. მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან, ასევე გზების, ავტობანების, ხიდების და გვირაბების მიმართულებით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობასთან. შემცირების ტენდენცია კი შეინიშნებოდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში, რომლის გამომწვევ მიზეზად სახელდება ფერადი ლითონის მადნების მოპოვების შემცირება“, – განაცხადა გოგოტა თოდრაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system