თავში

რას უკავშირდება ეკონომიკის მასშტაბური ვარდნა იანვარში

რას უკავშირდება ეკონომიკის მასშტაბური ვარდნა იანვარში
რას უკავშირდება ეკონომიკის მასშტაბური ვარდნა იანვარში

სპეციალისტები ეკონომიკური ვარდნის მასშტაბს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკა და covid-19-ის პრევენციისას დაშვებულ შეცდომებს უკავშირებენ. როგორც ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რატი აბულაძე report.ge-თან აცხადებს, მთავრობამ ვერ შეძლო ეკონომიკის გადაწყობა ახალი მოთხოვნის შესაბამისად, რამაც მასშტაბური ვარდნა გამოიწვია.

,,ეკონომიკამ მწარმოებლური უნარი დაკარგა ამდენი შეზღუდვების პირობებში, მთლიანად საგარეო ვალებზე დამოკიდებული გახდა. თითქმის წელიწადია, ფინანსური მხარდაჭერისა და მხოლოდ ვალებით უზრუნველვყოფთ საჭიროებებს, ფაქტობრივად ვერც ერთ გამოწვევას ვერ ვუპასუხეთ სათანადოდ, რამაც ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა.  ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო უნდა ქმნიდნენ პოზიტიურ ტენდენციებს, რის მაგივრადაც გლობალური პროტექციონისტული წნეხის ქვეშ მოექცა ეკონომიკა, ვერ უძლებს გლობალურ კონკურენციას, გამოწვევას და  ეკონომიკური ინტერესები იგნორირებულია. ერთადერთი რასაც ვხედავთ, ამ გამოწვევების პირობებში, არა ეკონომიკური პრობლემის გადაჭრა, არამედ პარტიული ინტერესებია. კრიზისის საათი არ აჩვენებს ისეთ მოცემულობას, რომ პროგრესი გაჩნდეს ეკონომიკაში. ერთადერი განიხილება სოფლის მეურნეობის სფერო, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას მცირედით ინარჩუნებს, თუმცა საგარეო ვაჭრობა შემცირებულია, ეკონომიკა ნეგატიურ ტენდენციას აჩვენებს, გადასახადების შერბილება-გაუქმებას ითხოვს  ბიზნესი, მაგრამ ამის პარალელურად ფასები მატულობს, ძვირდება ყველაფერი, მათ შორის გადასახადები და მოსახლეობა , ასევე ბიზნესიც, ისევ წაგებული რჩება", - ამბობს აბულაძე.

მისი განცხადებით, მილიარდობით ლარის ზიანი ადგება ეკონომიკას მკაცრი შეზღუდვების გამო, რაზეც პასუხისმგებლობა რეალურად არავის ეკისრება. 

,,მესმის, რომ კრიზისი გამოიწვია პანდემიამ, მაგრამ იმის გამო, რომ პრევენციული ღონისძიებები დავგეგმეთ არასწორად, მძიმე რეალობაში აღმოვჩნიდით, საიდანაც გამოსვლა გაგვიჭირდება. კომპანიებმა, ბიზნესის ნაწილმა, ადაპტირება მოახდინა. გადაეწყვნენ და გადარჩენენ, ვისაც ხელი შეუწყვეს, მაგრამ თვითონ სახელმწიფო ვერ გადაეწყო, ეკონომიკური პოლიტიკის ხარისხობრივი ეფექტი არის ძალიან ცუდი, ფაქტობრივად დაბალი და ამიტომ ვიღებთ უაღრესად ნეგატიურ შედეგს", - დასძენს რატი აბულაძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ზრდა დაფიქსირდა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system