თავში

რას ურჩევენ მთავრობას პურის ფასის შესანარჩუნებლად

რას ურჩევენ მთავრობას პურის ფასის შესანარჩუნებლად
რას ურჩევენ მთავრობას პურის ფასის შესანარჩუნებლად

საქართველოში რუსული ხორბლის წილი კიდევ მაღალია. ხორბლით ვაჭრობის მონაცემები ISET-ის კვლევითი ინსტიტუტმა მიმოიხილა და დაასკვნა, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის დონე დაბალია. ამიტომაც, დიდია ალბათობა, რომ რუსეთის მიერ ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესებამ შეიძლება საქართველოში პურისა და პურ-პროდუქტების გაძვირება გამოიწვიოს. ორგანიზაცია აანალიზებს იმასაც, თუ რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად:

  1. შეიმუშავა ხორბლის ფქვილის ფასის სუბსიდირების პროგრამა: პურზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნების მიზნით 2020 წლის 30 ნოემბერს მთავრობამ მიიღო დადგენილება ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. სუბსიდიის მოცულობამ შეადგინა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 10 ლარისა. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე. 4-თვიანი სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტმა 10 მლნ. ლარი შეადგინა.
  2. კომუნალური დანახარჯები დაუსუბსიდირა კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, მათ შორის პურის მცხობელებს: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2020 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზარდა. პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, მათ შორის პურის მწარმოებლებს, 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50% დაუსუბსიდიროს.
  3. მიმართა საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას სტრატეგიას: რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხის შემცირების მიზნით 2020 წელს აშშ-დან 23,400 ტონა ხორბლი შემოვიდა, რაც მთლიანი საშუალო წლიური იმპორტის (დაახლოებით 500 ათასი ტონა) მცირე წილს შეადგენს. მნიშვნელოვანია, საქართველომ განიხილოს სხვა სავაჭრო პარტნიორებიც (მაგალითად, ყაზახეთი და უკრაინა).

ორგანიზაცია მიმოიხილავდ იმასა, თუ რა შედეგი გამოიღო ამ სამთავრობო პროგრამებმა.საქმე ისაა, რომ  მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტებით,  ასოციაციამ მარაგები გაზარდა, ხოლო სუბსიდირების პროგრამის დახმარებით ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი ჯერჯერობით შენარჩუნებულია, თუმცა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტები ჯერ კიდევ ხედავენ რისკს, რომ შეზღუდვების დაწესების გამო მოსალოდნელია ხორბლის ფასების ზრდა. მათივე განმარტებით, პურის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის გაძვირება კი მომავალში პურის ფასზეც აისახება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პურის მწარმოებლები უკვე აპრილიდან პურის გაძვირებას გეგმავდნენ და ამის მიზეზად ისინი ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფსა და საწვავისა და საფუარის გაძვირებას ასახელებდნენ.

პურის ფასის შესანარჩუნებლად ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტების მიერ რეკომენდირებულია:

  1. ადგილობრივი წარმოების განვითარება: მწირემიწიანი ფერმერული მეურნეობების სიმრავლე ართულებს ხორბლის წარმოებას, თუმცა წარმოების მოძველებული მეთოდებიც არანაკლებ ზიანს აყენებენ დარგს. საქართველოში მწარმოებლურობა 2.3 ტ/ჰა შეადგენს, მაშინ როდესაც საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი შემდეგია: აშშ – 3.4 ტ/ჰა, რუსეთი – 2.7 ტ/ჰა, უკრაინა – 4.1 ტ/ჰა (FAO, 2021). მართალია, საქართველოს მწარმოებლურობის მაჩვენებელი ახლოსაა რუსეთის მაჩვენებელთან, მაგრამ რუსეთის უპირატესობას ნათესი ფართობის სიდიდე განაპირობებს. საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობის სიმცირის გამო, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება მწარმოებლურობაზე.
  2. ალტერნატიული ბაზრების მოძიება: ერთ-ერთ ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს ყაზახეთისა და უკრაინის ბაზრებზე ფოკუსირება და ამ ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორთან მოლაპარაკებების წარმოება საქართველოში ხორბლის ტრანსპორტირების ხარჯების შემცირების შესაძლო გზებზე. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ოქტომბერში უნდა ამოქმედებულიყო ყაზახეთის მხრიდან ყაზახური ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირების მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ ყაზახური კომპანიებისაქართველოში ხორბლის ექსპორტით დაინტერესდებოდნენ. როგორც ვაჭრობის სტატისტიკიდან ჩანს, ხორბლის ექსპორტი ყაზახეთიდან 2019 წლის ოქტომრიდან მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც შეიძლება აიხსნას სამი ფაქტორით (ან მათი კომბინაციით): (1) 2019 წელს ხორბლის წარმოების დაბალი დონე; (2) COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები; (3) სტიმულების მექანიზმის მოდიფიკაციის/დახვეწის საჭიროება.

"არანაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინის ბაზარიც. უკრაინაში მეტი ხორბალი იწარმოება, ვიდრე ყაზახეთში. ამასთან, უკრაინის წარმოებაცა და ექსპორტიც ბოლო 10 წელია აღმავალი ტრენდით ხასიათდება. ისევე როგორც რუსეთისთვის, უკრაინისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ეგვიპტე, ბანგლადეში და თურქეთი, ხოლო საქართველოს ძალზე უმნიშვნელო პოზიცია აქვს უკრაინის საექსპორტო ბაზრებს შორის. მნიშვნელოვანია უკრაინის ბაზრების უკეთ შესწავლა და მთავრობასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა," - განმარტებულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხორბლის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system