თავში

რას უწინასწარმეტყველებენ ლარს

რას უწინასწარმეტყველებენ ლარს
რას უწინასწარმეტყველებენ ლარს

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესსექტორში ლარის მიმართ განწყობა შეიცვალა. ბიზნესმენების ნაწილი ფიქრობს, რომ მომავალ თვეებში ლარს გამყარების შანსი გაუჩნდება. ამ მოსაზრებას სპეციალისტებიც იზიარებენ. ფინანსისტები საუბრობენ, რომ ყველაზე მეტად ეროვნულ ვალუტას საბიuჯეტო სახსრების სწორად განაწილება უშველის. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კერძო სექტორმა პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე ლარის კურსის რყევებისა და საბანკო რეგულაციების საკითხი განიხილა.

„ვისაუბრეთ ლარის კურსზე და საბანკო რეგულაციებზე. პრემიერი უშუალოდ არის ამ პრობლემატიკაში ჩართული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, აქაც გვექნება სიახლე. უფრო მეტად მან აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთა გადაწყვეტილება მას უნდა წლის ბოლომდე, მომავალი ორი–სამი თვის განმავლობაში და ერთ–ერთი სწორედ ეს საკითხი მოხვდა, საბანკო რეგულაციები და ლარის კურსი“, – განაცხადა ფხაკაძემ და დასძინა, რომ „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბარომეტრი დღეს არის ლარის კურსი“.

„ეს ერთნაირად აწუხებს როგორც საზოგადოებას, ისე ბიზნესსა და ეკონომიკას. ლარის კურსი სამწუხაროდ, დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე. ბოლო წლებში ჩვენ ძალიან დიდი საგარეო შოკი გვქონდა, დღეს ვფიქრობთ, რომ ეს საგარეო შოკი არ ჩანს, მაკროეკონომიკური ფაქტორები არის ჯანსაღი და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მომავალ თვეებში ლარს აქვს საშუალება, რომ გამყარდეს. რა ნიშნულამდე ჩამოვა, ამაზე საუბარი არავის შეუძლია“, – განაცხადა მან.

ანალიტიკოსები პროგნოზირებისას მეტ სითამამეს იჩენენ და აცხადებენ, რომ კურსი მომავალი თვეების განმავლობაში 2,90-ს ჩამოსცდება.

ფინანსისტ ნიკა შენგელიას ვარაუდით, 2,85 იქნება ,,საუკეთესო" ნიშნული, რა დონეზეც ლარი წელსვე შეიძლება გამყარდეს.

"დაგეგმილი ღონისძიებებით ლარი, დეკემბრის ბოლოს ან იანვრიდან უნდა გამყარდეს. თუმცა ნურც განსაკუთრებული მოლოდინი გვექნება, რადგან ჩვენი ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. რა ნაბიჯიც ეროვნული ბანკისგან უკვე გადაიდგა, კურსს 2,90-მდე ჩამოსწევს. ყველაზე კარგ სიტუაციაში, რაც შეიძლება წლის ბოლომდე მოხდეს 2,85-იანი ნიშნულია. ამაზე დაბლა ლარი ვერ ჩამოვა", - ამბობს შენგელია.

ფინანსისტი დავით წიქარიძე გამოსავალს ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებაში ხედავს.

,,ჩემი აზრით, ლარის პრობლემა არაადეკვატურ ხარჯებშია. თუკი შემოსავლითი და ხარჯვითი ნაწილი დაბალანსდება, ლარს გამყარების მეტი შანსი მიეცემა. ხარჯი კი, მინუმუმ უნდა განახევრდეს", - განუცხადა ფინანსისტმა report.ge-ს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system